დროებითი საგამოძიებო კომისია

დირექტორი: 1-ლ დეკემბერს მშობელმა თქვა, რომ გ.ჯ შეუძლოდ იყო, გ.მ-ის მშობელს ვერ დავუკავშირდით

პარლამენტი

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას შეისწავლის, დღეს პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი, ხათუნა ბარაბაძე გამოკითხა. 

მისი თქმით, ბრალდებულები გ.ჯ და გ.მ, რომლებიც სწორედ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ, დანაშაულის დღეს სკოლაში არ იმყოფებოდნენ.

ხათუნა ბარაბაძე: 1-ლი დეკემბრისთვის 1-ლ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა გ.ჯ, გ.ბ, გ.ი და გ.მ 

იმ დღის მდგომარეობით გ.მ თვენახევრის გადმოსული იყო ჩვენს სკოლაში, 15 დეკემბერს დატოვა და სხვა სკოლაში გადავიდა მშობლის განცხადების საფუძველზე. 

სერგი კაპანაძე: რა ღონისძიებები ტარდება, რომ ბავშვები სკოლაში დანებით არ დადიოდნენ? 

ხათუნა ბარაბაძე: იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, პერმანენტული დათვალიერებები ტარდება. დაუსაბუთებელი ეჭვის შემთხვევაში პირად დათვალირებას ვერ ვატარებთ, შინაგანაწესიც ასეა გაწერილი და კანონშიც. დასაბუთებული ეჭვია, თუ შევნიშნეთ, რომ ბავშვებს შორის არის კამათი, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ხდება მათი დათვალიერება, თუ შევნიშნეთ, რომ ბავშვი აჟიტირებულია ან არ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს, ამ შემთხვევაშიც ხდება დათვალიერება ყველა კანონის დაცვით და ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი პირის მეშვეობით. 

სერგი კაპანაძე: უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით 2017 წელს ვგულისმხობ, იყო თუ არა შემთხვევა, რომ შეამოწმეთ და ამოიღეთ ან ვერ ამოიღეთ ცივი იარაღი. 

ხათუნა ბარაბაძე: 2017 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში ჩვენ ბევრჯერ ჩავატარეთ დათვალიერება, ამოვიღეთ აკრძალული ნივთები: სიგარეტი და ასანთი, ორი ბანქო და ერთი კასტეტი, რომელიც მაშინვე გადაეცა პოლიციას. ამ ფიგურანტებს არც ერთი არ ეკუთვნოდათ, თუმცა 2016 წელს პირადი დათვალიერების შედეგად ერთ-ერთ ფიგურანტს, გ.ჯ-ს საახალწლო ასაფეთქებელი ამოუღეს. 

სერგი კაპანაძე: აკრძალული ნივთების ამოღების შემდეგ რას აკეთებთ?

ხათუნა ბარაბაძე: როდესაც საშიში ნივთია, გადავცემთ პოლიციას, როგორც ეს კასტეტის შემთხვევაში მოხდა

სერგი კაპანაძე: როგორ რეგულირდება სკოლაში, რომ ვთქვათ, ბავშვმა იცის, რომ დღეს აქვს საკონტროლო და არ უნდა ამისი დაწერა, იცის, რომ შემდეგ აღადგენს მარტივად და ამის გამო არ მოდის სკოლაში?

ხათუნა ბარაბაძე: ჩვენთან არის სისტემა შემუშავებული და მშობელთან ხელშეკრულებაც გავაფორმეთ, მანამდე იყო ასე: ბავშვი როცა აცდენდა, მშობელს უნდა დარეკა და ეთქვა მასწავლებლისთვის, რომ ის არის ავად ან სხვა მიზეზით აცდენს. თუ ასე არ ხდება, მასწავლებელი ურეკავს და ეკითხება მისი არყოფნის მიზეზის შესახებ. 

სხვათა შორის, ერთ-ერთ ბრალდებულთანაც მოხდა ასეთი შემთხვევა, ბრალდებული გ.ჯ არ ბრძანდენდებოდა სკოლაში, დამრიგებელს ჰქონდა გადამოწმებული და მშობლის ინფორმაციით იყო ავად, შეუძლოდ იყო და ამიტომ ვერ გამოუშვა სკოლაში. 

გ.მ-სთან მიმართებაში, ის თვენახევრის გადმოსული იყო სკოლაში, დიდად ნაცნობობა არ გვქონდა მის მშობელთან, ბევრი გაცდენა ჰქონდა და დამრიგებელს არაერთხელ ჰქონდა დარეკილი მშობელთან, ბავშვი არ დადის და გთხოვთ დაგვეხმაროთო. დარეკილი ჰქონდა პირველ დეკემბერსაც, წინა დღეებშიც ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა 1-ლ დეკემბერს მშობელი არ იღებდა ყურმილს.

სერგი კაპანაძე: გ.მ ამბობს, რომ არ მივიდა სკოლაში, იმიტომ რომ იმ დღეს ჰქონდა საკონტროლო წერა, თქვენ სხვა ინფორმაცია გაქვთ? 

ხათუნა ბარაბაძე: მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, რა საგანში ჰქონდა საკონტროლო წერა. 

კომისიის დღევანდელ სხდომაზე პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის გარდა, ასევე გამოკითხეს 51-ე სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძე  და ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე, თინათინ ყენია. 

ასევე, კომისიამ მოუსმინა თბილისის პოლიციის უფროსს, შალვა ბედოიძეს და თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს,  ირაკლი ფიფიას მოუსმინეს. 

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, მომდევნო კვირას, კონკრეტულად კი ოთხშაბათს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმენენ. დაგეგმილია დამოუკიდებელი ექსპერტიზის მოსმენაც. 

მანამდე კი, ორშაბათს და სამშაბათს სამკაციანი ჯგუფის ფორმატში კომისიის წევრები თვითმხილველებს შეხვდებიან. ისინი ორშაბათს, 9 ივლისს - სრულწლოვნებს გამოკითხავენ, სამშაბათს, 10 ივლისს კი - არასრულწლოვან თვითმხილველებს. 11 ივლისს კომისიის სხდომა ექსპერტების გამოკითხვით გაგრძელდება.

კომენტარები