ტრეფიკინგი

შსს-მ 8 წლის ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავა 

Unicef

შსს-მ თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2 ადამიანი დააკავა. 

შსს-ის წარმომადგენლის, მამუკა ჭელიძის თქმით, მათი უწყების, პროკურატურის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, 1957 წელს დაბადებული პ.მ. და მისი მეუღლე - 1959 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჭელიძის თქმით, "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს - ი.მ.-ს და ა. მ.-ს. კერძოდ, ისინი მუქარის გამოყენებით გოგონებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროსადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებსა და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ. 

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მოწყალების შეგროვების პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი გოგონებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს - პ.მ.-ს აძლევდა. მოწყალების თხოვნის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა". 

ჭელიძის თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-3 ნაწილის ბ, გ და ვ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით, ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს. 

კომენტარები