ხორავას ქუჩის საქმე

კაპანაძე: სიგუას კომისიისთვის არ უცნობებია, რომ არ მოვიდოდა, ეს არ არის ნინიას ბაღი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას კომისიითვის არ შეუტყობინებია, რატომ არ ესწრება დღევანდელ სხდომას. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სიგუასთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობს. 

"ის არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ჩვენ მისგან არ გვქონია არანაირი კომუნიკაცია, თუ რატომ არ არის დღეს სხდომაზე" - თქვა კაპანაძემ და თბილისის პოლიციის უფროსს შალვა ბედოიძეს ჰკითხა, რა ინფორმაცია აქვს იოსებ სიგუას შესახებ.

"ბატონ იოსებს აქვს მაღალი ტემპერატურა, მისი განცხადებით, გუშინაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მაგრამ მაინც მოახერხა მოსვლა და ამ ეტაპზე ვერ შეძლო. გამოჯანმრთელების შემთხვევაში მობრძანდება" - თქვა ბედოიძემ.

კითხვაზე, რატომ არ აცნობა ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ კომისიას, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი პასუხობს - "ვერ გეტყვით, მე დილით ვესაუბრე და ამის მეტს ვერ გეტყვით".

სერგი კაპანაძის შეფასებით, ის, რომ იოსებ სიგუამ გამოუცხადებლობის შესახებ კომისიას არ აცნობა, უპატივცემულობა და კანონის დარღვევაა. 

"ჩვენ ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის უკაცრავად, ნინიას ბაღი და სკოლა, რომ ვისაც როცა უნდა მაშინ არ მოვიდეს, როცა უნდა საშინაო დავალება არ მოიტანოს და არ გამოცხადდეს. მინდა, ყველა სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ კომისიას. ბატონ იოსებს მოუწევს მოსვლა, როცა იქნება უკეთ, თუ ის მართლა ცუდად არის. აქედანვე მინდა ვუთხრა, რომ ყველა კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, ისევე როგორც პასუხს აგებს თუ ის არღვევს კანონს და ამიტომ არ იმყოფება აქ" - თქვა კომისიის თავმჯდომარემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღესაც თბილისის პოლიციის უფროსს შალვა ბედოიძეს და თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ირაკლი ფიფიას უსმენს. მათთან ერთად, სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილების უფროსი იოსებ სიგუა, რომელზეც შსს-მ განაცხადა, რომ ის ავად გახდა. ამასთან, სამინისტროს განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, ისინი საგამოძიებო კომისიას "დამადასტურებელ დოკუმენტსაც" წარუდგენენ.

კომენტარები