კონდიცირება

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ეროვნული გამოცდების განრიგი შეცვალეს

განათლების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას ინფორმაციით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ეროვნული გამოცდების განრიგი შეცვალეს. მისი თქმით, 4 ივლისის ჩათვლით, გამოცდები დღის პირველ ნახევარში ჩატარდება. მურღულიამ აღნიშნა, რომ თუ ამინდის პროგნოზი შეიცვლება, შესაძლოა, სხვა დღეების გრაფიკის "მოდიფიცირებაც მოხდეს".

"ვინაიდან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის მანძილზე შესაძლოა იყოს საშუალოსტატისტიკურზე მაღალი ტემპერატურა, გამოცდების დიდი ნაწილი გადავიდა დღის პირველ ნახევარში. შესაბამისად, აუცილებელია, ყველა აბიტურიენტმა როგორც ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე დააზუსტოს მის მიერ გამოცდებზე გამოცხადების დრო. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია უკვე და ვთხოვ, ყველას გაითვალისწინოს" - თქვა მურღულიამ სპეციალურ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა განათლების სამინისტროს დაავალა, ეროვნული გამოცდები წარიმართოს, აბიტურიენტებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელ გარემოში.

შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, წელს, კონდიცირება საპილოტე რეჟიმში მხოლოდ ერთ, რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.

კომენტარები