ხორავას ქუჩის საქმე

კახიძე: ერთერთი მოწმის თქმით, ფარდულის დემონტაჟზე მითითება პოლიციამ გასცა

parliament.ge

პარლამენტის დროებითი საგამოძოებო კომისიის წევრმა ოთარ კახიძემ თქვა, რომ ერთერთი მოწმის განმარტებით, ხორავას ქუჩაზე მდებარე ფარდულის დემონტაჟზე მითითება პოლიციამ გასცა.

"ფარდულის დემონტაჟზე მითითება, ერთერთი მნიშვნელოვანი მოწმის განმარტებით, გასცა პოლიციამ და იყო კონკრეტული პირი, ვინც იყო შუამავალი პოლიციასა და მესაკუთრეებს შორის და კომუნიკაცია მიმდინარეობდა რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან"- თქვა კახიძემ.

გამომძიებელ კახა სირაძის ინფორმაციით კი, ხორავას ქუჩის N4-ში, ფარდული, სადაც არასრულწლოვნები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ადგილობრივმა მოსახლეობამ დამოუკიდებლად დაშალა. შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ფარდულის დემონტაჟის შესახებ ბრძანება არ გაუციათ.

დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 3 თვის გამნავლობაში იმუშავებს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 6 ივნისს დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად, 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით შემთხვევიდან რამდენიმე საათში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი ხუთ პირს წარუდგინეს.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ასევე დადასტურდა, რომ დაპირისპირების დროს კიდევ ერთი მოზარდი დაიჭრა.

კომენტარები