МИД-ი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე: საქართველოს მთავრობის დესტრუქციული ქმედებაა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" 33 პირის შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა.

დე ფაქტო უწყებამ საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯს დესტრუქციული უწოდა და პასუხისმგებლობა ჟენევის მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლაზე, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს დააკისრა. 

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის დესტრუქციული ქმედებებით, რომელსაც პროვოკაციული ხასიათი აქვს და შეუძლია სრულიად გაანადგუროს ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღწეული შედეგები", - ნათქვამია განცხადებაში. 

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტოში აცხადებენ, რომ პრემიერ ბახტაძის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა აფხაზეთისა და მისი მოსახლეობის მიმართ აგრესიულია. 

მათივე თქმით, აღნიშნული სია უსაფუძვლო და არაობიექტურია.

„ქართულმა მხარემ ყოველგვარი ობიექტური საფუძველის გარეშე ბრალი წაუყენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ადამიანის უფლებების დარღვევაში და ისინი "შავ სიაში“ შეიყვანა, რაც საერთაშორისო დონეზე პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია გამოაქვეყნა, რომელიც 33 პირისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ სიაში არ არიან რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები.

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" გულისხმობს დოკუმენტს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ. 

სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

კომენტარები