UNICEF: ბავშვთა აღმზრდელების და დირექტორების ხელფასი ძალიან დაბალია

ტაბულა

Unicef-ის კვლევის მიხდვით, საქართველოში სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებული პერსონალის, მათ შორის დირექტორების, ხელფასი ძალიან დაბალია.

გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხი გამოიკვლია.

დოკუმენტის მიხედვით, სრულ განაკვეთზე დასაქმებული აღმზრდელის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 336 ლარს შეადგენს, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის საშუალო ყოველთვიური შემოსავალზე (940 ლარი). ასევე, არ არსებობს ხელფასის ზრდის სისტემა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სკოლამდელი დაწესებულებების უმრავლესობაში ჯგუფებში ბევრი ბავშვია, რაც საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს საგრძნობლად აუარესებს: აღმზრდელები ვერ ახერხებენ ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების დაკმაყოფილებას.

ასევე პრობლემაა საბავშვო ბაღების უმრავლესობაში აღმზრდელების ხანგრძლივი სამუშაო საათები.

UNICEF-ი ასკვნის, რომ საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაბალი ხარისხის ძირითადი მიზეზებია: გადატვირთული ჯგუფები, ხანგრძლივი სამუშაო საათები, დაბალი ხელფასები, საწყისი (საუნივერსიტეტო) განათლება და უწყვეტი პროფესიული განვითარების ნაკლებობა.

კომენტარები