ტრეფიკინგი

ადამიანებით ვაჭრობაში ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

newstory.ge

სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის იფორმაციით, მსჯავრდებული ორ ადამიანს მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ამყოფებდა და მის სასარგებლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, რაშიც მას მეორე მსჯავრდებულიც ეხმარებოდა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხ.ჯ-მ თავის მეგობარ თ.ნ-სთან ერთად, ორგანიზებულად შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგი) გეგმა. აღნიშნულმა პირებმა, სარგებლის მიღების და ექსპლუატაციის მიზნით, მოტყუებით, ხ.ჯ.-ს მიერ გარდაბნის რაიონში ნაქირავებ ბარის ტიპის ფართში კარგი სამუშაო პირობების დაპირებით, 2016 წლის ივნისსა და ნოემბერში გადაიბირეს, შეიფარეს და მიიღეს ჩ.ს, მ.ს. და შ.შ., რომლებზეც 2017 წლის 18 მაისამდე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობას და მუქარას. ამყოფებდნენ მათ გაუსაძლის, მონობასთან გათანაბრებულ პირობებში, უზღუდავდნენ თავისუფლად გადაადგილებას და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ, ხოლო აღნიშნული გზით მიღებულ თანხას ისაკუთრებდნენ. ხ.ჯ. დაზარალებულებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მუდმივად აკისრებდა სხვადასხვა სახის არარეალურ ვალებს, ხოლო შემდგომ, თითქოსდა აღნიშნული ვალების დაფარვის მიზნით, აიძულებდა მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ყოფნას და მის სასარგებლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას, ხოლო მიღებულ თანხებს ისაკუთრებდა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ხ.ჯ-ს მეგობარი თ.ნ. უზრუნველყოფდა დაზარალებულების ტრანსპორტირებას კლიენტებთან და მათ უკან, ბარში დაბრუნებას. ასევე მათზე ახორციელებდა მუდმივ მეთვალყურეობას და კონტროლს, ავალდებულებდა მისი ტაქსის მომსახურებით სარგებლობას, რითაც მათგან შემოსავალს იღებდა, რაც შეთანხმებული, დაგეგმილი და კოორდინირებული იყო ხ.ჯ-სთან." - წერია პროკურატურის გაცხადებაში.

სამართალდამცველებმა ხ.ჯ. და თ.ნ. 2017 წლის 19 მაისს გარდაბნის რაიონში დააკავეს. მათ ბრალდება წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ დამე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ესე იგი მოტყუებით ადამიანის გადაბირება, შეფარება და მიღება ექსპლუატაციის მიზნით, აგრეთვეადამიანის სექსუალური ექსპლოატაცია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით, იძულებით, დაშინებით და მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამიპირის მიმართ)

პროკურატურის ინფორმაციით, თ.ნ.-მ საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე დანაშაული აღიარა და მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები