აშშ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა

მაიკ პომპეო და ნიკი ჰეილი
ABC

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში საბჭოს დატოვების მიზეზად "პოლიტიკური მიკერძოებულობა" დაასახელა და თქვა, რომ საბჭო "ადამიანის უფლებების ცუდი დამცველია".

გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ საბჭოს "ფარისევლური და ანგარებიანი" ორგანო უწოდა.

აშშ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა აშშ საბჭოში დარჩენილიყო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით აშშ-ის გადაწყვეტილება სამწუხაროა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს რეფორმები ესაჭიროება ის მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებათა დაცვაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს არასამთავრობო ორანიზაციებმაც.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Twitter-ზე მხარი დაუჭირა აშშ-ის "გამბედავ" გადაწყვეტილებას.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2006 წელს შეიქმნა. იმავე წელს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ საბჭოს ბოიკოტი გამოუცხადა. მაშინ აშშ-ის ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი იყო, რომელიც ამჟამად დონალდ ტრამპის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. აშშ საბჭოს 2009 წელს შეუერთდა.

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება აშშ-მექსიკის საზღვარზე მიმდინარე მოვლენების კრიტიკას მოჰყვა.

ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ასობით ბავშვი სასაზღვრო კონტროლის საწყობში განთავსებულ გალიებში ცხოვრობს. მათი ოჯახების წევრები აშშ-ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის დააკავეს. ბავშვების გარდა საწყობში 1,100-მდე ადამიანია, მათ შორის ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარზე ოჯახების დაშორება დემოკრატიული პარტიის ბრალია და მათ სიტუაციის გამოსასწორებლად რესპუბლიკელებთან ერთად ახალ კანონზე უნდა იმუშაონ. არ არსებობს კანონი, რომელიც არალეგალი მიგრანტების და მათი შვილების დაშორებას მოითხოვს. წინა ადმინისტრაციები მსგავსი პრაქტიკისაგან თავს იკავებდნენ, თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა შემოიღო, რომელიც ყველა არალეგალი მიგრანტის, რომელსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დააკავებენ, ფედერალურ საპატიმროში გადაყვანას გულისხმობს. ვინაიდან ბავშვებს საპატიმროში ვერ განათავსებენ, სანამ მათი მშობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან, ისინი დროებით სასაზღვრო კონტროლის საწყობში ცხოვრობენ.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ "მიგრანტთა ბანაკი" არ გახდება.

"ამერიკის შეერთებული შტატები მიგრანტთა ბანაკი და ლტოლვილთა დროებითი დაკავების დაწესებულება არ გახდება." "შეხედეთ რა ხდება ევროპაში, შეხედეთ რა ხდება სხვა ადგილებში - ვერ დავუშვებთ იგივეს განმეორებას აშშ-ში." თქვა მან თეთრ სახლში საუბრისას.

კომენტარები