13 ივნისის სტიქია

თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება

Reuters

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება. ბეჰემოტის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია იქნება, ხოლო შემსრულებელი - ლევან ვარდოსანიძე.

"13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოტზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ „ბეგი“ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ხელოვანების, მოხალისეების და ამიტომ დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას ბეჰემოტ "ბეგის“ ძეგლი. ასევე, 2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს, იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდნენ, სხვა მოხალისეებს, რომლებიც  თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცეთ“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

13 ივნისის სტიქიიდან 3 წელი გავიდა. წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება.

თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

კომენტარები