კალაძე: უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა ბავშვების გადაყვანისას არ შეიძლება

თბილისის მერია

თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ გომბორის გზაზე მომხდარ ავარიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. კალაძის თქმით, უსაფრთხოების წესების დაცვა ბავშვების გადაყვანისას არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება.

"საშინელი ტრაგედია დატრიალდა გომბორის გზაზე. სასწავლო წლის მისწურულს დასასვენებლად და გასართობად მიმავალი მოსწავლეებით სავსე ე.წ. "მარშუტკა" გადავარდა გზიდან... უსაფრთხოების წესების დაცვა ბავშვების გადაყვანისას არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება.როგორც ქალაქის ტერიტორიაზე დადიან სასწავლო წლის მანძილზე სხვადასხვა სკოლების ავტობუსები, შესაბამისი აღნიშვნებით და სიჩქარით, ასევე ყურადღება და წესების დაცვაა საჭირო მძღოლების მხრიდან ქალაქებს მიღმა გზებზე და ტრასებზე. ვუსამძიმრებ ამ საშინელი ტრაგედიისას დაღუპულების ახლობლებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

გუშინ გომბორის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასელები თბილისიდან კახეთში ექსკურსიაზე მიჰყვადა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, და 20-მდე ადამიანი დაშავდა. 

მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები