მერიაში შეხვედრა დასრულდა - ჯერჯერობით უცნობია, განაახლებს თუ არა მეტრო მუშაობას

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეხვედრა დასრულდა. ინტერპრესნიუსის ცნობით, ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ უთხრა, რომ მერიის წარმომადგენლები მეტროს სხვა მემანქანეებთან მოსალაპარაკებლად გლდანის დეპოში მიდიან. ვიცემერის თქმით, პრობლემის მოგვარების კუთხით მხარეებს შორის მზაობა არსებობს. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციითვე, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე მიიღებენ. 

მეტროს მემანქანეები ხელფასის 45%-იან მატებას ითხოვენ. მათ სასამართლომ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მისცა. ამის გამო, "ერთობა 2013"-ში გაერთიანებული მემანქანეები კვირას, 4 ივნისს გაიფიცნენ და შიმშილობა დაიწყეს. შესაბამისად, 5 ივნისის დილით სამსახურში მისულმა მემანქანეებმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარეს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელფასების 45%-იანი მატება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მისივე თქმით, მეტროს მემანქანეები დედაქალაქის მოსახლეობას შანტაჟის ენით ესაუბრებიან.

კომენტარები