თბილისის მეტრო

მემანქანეების გაფიცვის გამო, თბილისის მეტრო არ მუშაობს

მემანქანეების გაფიცვის გამო, დღეს თბილისის მეტრო ვერ გაიხსნა. მეტროსადგურებში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ - "მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ".

მეტროს მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მეტროს მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ. მათ სასამართლომ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მისცა. ამის გამო, "ერთობა 2013"-ში გაერთიანებული მემანქანეები გუშინ, კვირას გაიფიცნენ და შიმშილობა დაიწყეს. შესაბამისად, დღეს სამსახურში მისულმა მემანქანეებმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარეს.

"დღეიდან მეტროპოლიტენი პარალიზებულია. ერთობა 2013-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო“, - აცხადებს მეტროს მემანქანეთა პროფკავშირი "ერთობა 2013". 

კომენტარები