საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა.
განცხადებაში, რომელიც მთავრმა პროკურატურამ გაავრცელა, შოთაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, მისი აზრით, "უზრუნველყოფდა სამართლიან განაჩენს" და გამოთქვამს იმედს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს.
"მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით. როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა", - ამბობს შოთაძე.
პარალელურად, მთავარი პროკურატურის წინ აქცია "ნუ მომკლავ" კვლავ გრძელდება. აქციაზე დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიებას ითხოვენ. საქალაქო სასამართლომ დღეს არცერთი ბრალდებული სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ არ ცნო.
შოთაძეს გადადგომისკენ დღეს ოპოზიციამ, არასამთავრობოებმა და ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმაც მოუწოდა.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებს.