აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დასაგეგმად აშშ-ს ჩრდ. კორეის დელეგაცია ეწვევა

კიმ იონ-ჩოლი
AFP

გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები აშშ-ში ჩავლენ, რათა დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა დაგეგმონ.

სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით, დელეგაციის წევრებს შორის 72 წლის გენერალი კიმ იონ-ჩოლიცაა, რომელსაც სამხრეთ კორეა 2014 წელს Sony Pictures-ზე კიბერთავდასხმაში და 2010 წელს სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვაში ადანაშაულებს, რასაც 46 მეზღვაური ემსხვერპლა. ამ ინციდენტების გამო აშშ-მა პერსონალურად მას სანქციები 2010 და 2015 წლებში დაუწესა.

კიმ იონ-ჩოლი სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზეც იმყოფებოდა, რომელსაც დაესწრო დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპიც.

ოფიციალური პირები აშშ-ში პეკინის გავლით ჩავლენ, სადაც ჩინეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 24 მაისს გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგებოდა.

მიმდინარე კვირაში მან დაადასტურა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებების გასამართად ჩრდილოეთ კორეას ეწვივნენ. პრეზიდენტის თქმით მათ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან ერთად სამიტის ჩატარება განიხილეს.

The Washington Post-ის მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოები მრჩეველი ელისონ ჰუკერი, პენტაგონის წარმომადგენელი და ფილიპინებზე აშშ-ის ელჩი სუნ კიმი ჩავიდნენ. ისინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კომენტარები