ბასიანის საქმე

ტატო გეთია: თუ ბასიანს არ დაგვიბრუნებენ პირველ ივნისამდე, ოფიციალურად დავიხურებით

ტვ პირველი

კლუბ ბასიანის ერთერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ თუ შსს კლუბს 1 ივნისამდე არ დაუბრუნებს მეპატრონეებს, ისინი ოფიციალურად დაიხურებიან. მისი თქმით, "ბასიანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური პატიმარი."

"გუშინ მოხდა საკმაოდ კომიკური ფაქტი, დაახლოებით ასე 9 საათისკენ, დამირეკეს მთავარი სამმართველოდან საქმის მთავარმა გამომძიებელმა და მან დამიბარა 23-ში 12 საათზე კლუბ ბასიანთან და მითხრა, რომ ერთად მოვხსნიდით ლუქს და გადმოგვცემდნენ გასაღებს. თუმცა ძალიან მალევე განხორციელდა მეორე ზარი და ამ მეორე ზარისას მან უკვე თქვა, რომ საგამოძიებო სამუშაოები თურმე გრძელდება და იბარებენ ზვიად გელბახიანს, რომელიც ამ წუთამდე დაკითხვაზეა. დღეს ბასიანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური პატიმარი. მე მინდა განვაცხადო, რომ თუ ისინი ჩვენ კლუბს არ დაგვიბრუნებენ ივნისის 1-ელ რიცხვამდე, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, ოფიციალურად დავიხუროთ, ვინაიდან ჩვენ ვეღარ ვფარავთ თვიურ ხარჯებს, ხელფასებს და ასე შემდეგ"- განაცხადა გეთიამ.

ცნობისთვის, 12 მაისს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, კაფე "გალერი“ და კლუბი "ბასიანი“ დროებით დაიხურა. შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რვა ნარკორეალიზატორი დააკავეს, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კლუბში - მხოლოდ ერთი. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მათი მიზანი იყო, რეალიზატორები კლუბების გარეთ აეყვანათ, თუმცა, "ერთმა შეგვასწრო".

ამასთან, შსს-ს ცნობით, გალერის ლუქი უკვე მოხსნეს.

კომენტარები