ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

14 000 ლარის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციისთვის სამი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოში უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დააკავა. მათი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.

"ორ შემთხვევაში, ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 880 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ხოლო მესამე შემთხვევაში,  ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების აღსაკვეთად სავაჭრო ობიექტებში პერმანენტულად ტარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.

"მიმდინარე წელს, 1 იანვრიდან 11 მაისის ჩათვლით, საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული კატეგორიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 172 ფაქტი გამოვლინდა. ადმინისტრაციული წესით ამოღებულია 14 000-ზე მეტი კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამავე პერიოდში, საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 31 საქმეზე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა 46 051 კოლოფს შეადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები