TI-ის კვლევა: მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ მინისტრების რაოდენობა უნდა შემცირდეს

მთავრობის ადმინისტრაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) დღეს, 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ მომავალში მინისტრების რაოდენობა უნდა შემცირდეს. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 6% უჭერს მხარს მინისტრების რაოდენობის გაზრდას, 21%-ის აზრით რაოდენობა არ უნდა შეიცვალოს, ხოლო 13% პასუხის თქმაზე ან უარს ამბობს ან არ იცის. 

ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა იცის, რომ 2017 წლის რეფორმების შედეგად, მინისტრების რაოდენობა საქართველოში შემცირდა. 21%-ის აზრით, მინისტრების რაოდენობა გაიზარდა. 28%-მა არ იცის ან არ სურს პასუხის გაცემა, ხოლო 20%-ის აზრით, იმდენივე დარჩა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 გამოიკითხვა. 

საშუალო ცდომილება 2.8%-ია. 

კვლევა ეხება კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

კომენტარები