მიწისქვეშა პარკინგი

ტყემალაძე: მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მშენებლობისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. დეპუტატებმა ამ თემაზე დღეს უნდა იმსჯელონ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ინტერესთა გამოხატვა სამ ლოკაციაზე, გეგეშიძის ბაღის, ვარკეთილის მეტროსა და  რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე  გამოცხადდება. მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორიები ინვესტორს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.

„ჩვენ დღეს  განვიხილავთ იმ  საკითხს,  რომელზეც თბილისის მერია დიდი ხანია
მუშაობს. ეს გახლავთ მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა.გამომდინარე იქიდან, რომ მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მშენებლობა საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება, რაც მის რენტაბელობაზე აისახება.   სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია,  რომ აღნიშნული ტერიტორიები ინვესტორს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცეს. ჩვენ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს,რომლებიც თბილისელების ინტერესებზეა მორგებული. ვფიქრობ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელს შეუწყობს საპარკინგე ადგილების ზრდას და ქალაქის ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

მისივე თქმით, როდესაც ანალოგიური გადაწყვეტილება პუშკინის სკვერზე მიიღეს ამას ოპონენტების მხრიდან მავნებლური ხმაური და წინააღმდეგობა მოჰყვა.

„ჩვენ მაშინაც მხოლოდ თბილისელების ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მივიღეთ“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულომ ლარად პუშკინის სკვერი ბიძინა ივანიშვილის კომპანიას გადასცა, ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. 

კომენტარები