პრეზიდენტის მოხსენება

აბაშიშვილი: უმრავლესობის შეთავაზება სატელევიზიო დებატებზე უღირსი და არასერიოზულია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის თქმით, უმრავლესობის შეთავაზება სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით უღირსი და არასერიოზულია.

"კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციის უზრუნველყოფის ნაცვლად, რომელიც საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების წარმართვას გულისხმობდა, უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ ყოვლად უღირსი და არასერიოზული შეთავაზება. გუშინ, პრეზიდენტი მზად იყო კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია შეესრულებინა, გაეკეთებინა მოხსენება, რაც მან გააკეთა კიდეც და შემდგომ, შესულიყო დებატებში ყველა ტელევიზიის თვალწინ, პირდაპირ ეთერში. სამწუხაროდ, უმრავლესობამ მას ამის საშუალება არ მისცა. უმრავლესობა გაექცა ამ დებატებს. გასაგებია, უმრავლესობისთვის ერთპარტიული პერფორმანსი ყველაზე უფრო კომფორტულია და ისინი დარჩნენ ამ კომფორტის ზონაში. სამწუხაროა, რომ ქვეყანა ამ გზით მიჰყავთ", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატები დღეს შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი დებატების ფორმატთან შეუთანხმებლობა გახდა. გიორგი მარგველაშვილი კითხვა-პასუხის შესაძლებლობას ითხოვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი უთხრა, რომ ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებს და მას პასუხის შესაძლებლობა დასკვნი სიტყვაში მიეცემა.

კომენტარები