არჩილ თალაკვაძე

უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს. განცხადება ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

"თუ საქართველოს პრეზიდენტს ნამდვილად სურს, რომ ჩვენს შეკითხვებს გასცეს პასუხი და კითხვა-პასუხის რეჟიმში მოგვაწოდოს ის ინფორმაცია, რაზეც გუშინ მიგვითითებდა და რაზეც გუშინ გვითხრა, რომ რეგლამენტის დარღვევით შეგვცვალა განხილვის პროცესი, ჩვენ მზად ვართ და ვთავაზობთ მას, უმრავლესობასთან სატელევიზიო დებატს, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მზად ვართ, რომ უკვე მთელი საზოგადოების თვალწინ მას დავუსვათ ის კითხვები, ის მოსაზრებები ვუთხრათ, რომლის თქმასაც ვაპირებდით გუშინ. ვფიქრობთ, რომ მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ სწორედ იმ ფორმატში გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომლებზეც გუშინ პარლამენტში ისაუბრა",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის დატოვებით თავი აარიდა იმ შეკითხვებს და კრიტიკას, რომლებიც, შესაძლოა, მის ანგარიშთან დაკავშირებით ყოფილიყო.

"გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში დატოვა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესი, მან თავი აარიდა იმ შეკითხვებს და კრიტიკას, რომელიც პარლამენტში, შესაძლოა, მის ანგარიშთან დაკავშირებით ყოფილიყო, ასევე, ანგარიში იყო ძალიან მოკლე. ამომწურავი ინფორმაცია როგორც მისი საქმიანობის, ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ჩვენ ვერ მივიღეთ", - აცხადებს თალაკვაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი დებატების ფორმატთან შეუთანხმებლობა გახდა. გიორგი მარგველაშვილი კითხვა-პასუხის შესაძლებლობას ითხოვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი უთხრა, რომ ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებს და მას პასუხის შესაძლებლობა დასკვნი სიტყვაში მიეცემა.

კომენტარები