ანდიტასავლური პროპაგანდა

პრემიერი: რაც უფრო ვუახლოვდებით ნატოს, მით უფრო იზრდება ანტიდასავლური პროპაგანდა

გიორგი კვირიკაშვილი

"რაც უფრო ვუახლოვდებით ნატოს, მით უფრო იზრდება ანტიდასავლური პროპაგანდა", - ეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს. 

"სულ უფრო თვალნათელი ხდება, რომ, რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ნატოს, მით უფრო იზრდება ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენი და ალიანსის მხრიდან სწორი და დროული მოქმედება.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სათანადოდ შევაფასოთ და ვუპასუხოთ ამგვარ საფრთხეებს და პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მათთან გამკლავებაზე. ამ მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებებში უკვე განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და შესაბამისი ფუნქციური რგოლების გაძლიერება, რითაც მსგავს საფრთხეებზე რეაგირება კიდევ უფრო კოორდინირებული გახდა. უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს სამთავრობო სტრუქტურების სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების უახლესი სტანდარტებით გადამზადებას, რაც ახლო მომავალში, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედებას უფრო ეფექტიანს გახდის", - თქვა კვირიაკშვილმა. 

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი ბათუმში მიმდინარეობს. 

კომენტარები