აქციები სომხეთში

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, მომიტინგეებს სამხედროები შეუერთდნენ

Reuters

მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაფრთხილებისა სომხეთის ქუჩებში კვლავ ასობით მომიტინგე გამოვიდა. "რადიო თავისუფლების" მიხედვით მათ სამხედროებიც შეუერთდნენ. გამოსვლები დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში მიმდინარეობს. მომიტინგეები პრემიერმინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის წარდგენას აპროტესტებენ.

მასშტაბური აქცია იგეგმება 7 საათზე ერევნის ცენტრალურ მოედანზე, სადაც გასულ დღეებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

კვლავ უცნობია სად იმყოფება გუშინ დაკავებული ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი. ის სერჟ სარგსიანთან სატელევიზიო დებატების შემდეგ დააკავეს. სარგსიანმა დებატები დატოვა და ფაშინიანი "შანტაჟში" დაადანაშაულა. იმავე დღეს დააკავეს ოპოზიციის წევრი ორი პარლამენტარი და 230-მდე მომიტინგე.

ადგილობრივი მედიის მიხედვით დღეს პოლიციამ ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაზე 37-მდე ადამიანი დააკავა.

აქციები იმართება გიუმრიში და ვანაძორში, სომხეთში სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებში.

შეგახსენებთ, რომ კვირას სომხეთის პოლიციამ დემონსტრაციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. უწყების მიერ გავრცლეებულ განცხადებაში აღნიშნულია:

"პოლიციის მხრიდან მრავალრიცხოვანი მოწოდების მიუხედავად, ნიკოლ ფაშინიანი აგრძელებდა უკანონო მსვლელობას არცახის ქუჩაზე და მოქალაქეებს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა.

სომხეთის პოლიცია აცხადებს, რომ მიტინგის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ორგანიზატორების ყველა ქმედება უკანონოა. აქციის მონაწილეები ვალდებულნი არიან დატოვონ აქციის ჩატარების ტერიტორია", - აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთის პოლიციის თქმითვე, აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება "შეკრების თავისუფლების" შესახებ კანონის 33-ე მუხლზე დაყრდნობით მიიღეს და საშუალებები სიტუაციიდან გამომდინარე გამოიყენეს.

გარდა ამისა, პოლიცია ადასტურებს აქციის ლიდერების, ნიკოლ ფაშინიანის, არარატ მირზოიანის და სასუნ მიქაელიანის დაკავებას. 

უწყება მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ მიტინგების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია, რის გამოც მოქალაქეები ვალდებულნი არიან თავი შორს დაიჭირონ აქციის ჩატარების ადგილებიდან.

"პოლიციას მხოლოდ ამ გზით შეუძლია თავი შეიკავოს იძულებითი საშუალებების გამოყენებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები