სომხეთი

ერევნის საპროტესტო გამოსვლებზე დაკავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს

RFE/RL

სომხეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. 

ერევანში 70-მდე ადამიანი დააკავეს. მთლიანობაში, დაკავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს.

გამოსვლები სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ არის მიმართული - აქციის მონაწილეები აპროტესტებენ, რომ სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერმინისტრის პოსტზე ერთადერთ კანდიდატად წარადგინა. როგორც ისინი ამბობენ, სერჟ სარგსიანი სიკვდილამდე ქვეყნის სათავეში იქნება, ვინაიდან 2015 წლის რეფერენდუმის შედეგებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან ისეთ მმართველობად გადაიქცა, რომელშიც პრეზიდენტის ძალაუფლება შეზღუდულია, პრემიერმინისტრის კი პირიქით - გაზრდილი. 

დემონსტრანტებს წინ ოპოზიციის ლიდერი, პაშინიანი მიუძღვით. სწორედ მას შეხვდა 21 აპრილს სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარკსიანი ერევნის რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. 

რადიო თავისუფლების სომხეთის ბიურო წერს, რომ საუბარი დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა და ხელის ჩამორთმევით დასრულდა. მოგვიანებით პაშინიანმა თქვა, რომ მან პრეზიდენტს ხალხის მოთხოვნები გადასცა - სერჟ სარგსიანმა უარი თქვას პრემიერმინისტრის პოსტზე და მშვიდობიანად გადააბაროს ძალაუფლება. 

მანამდე კი სომხეთის მთავრობამ და თავად სერჟ სარგსიანმა ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა. განცხადებაში, რომელიც გაავრცელა, სარგსიანი ამბობს: 

"მე ძალიან შეშფოთებული ვარ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი ზიანი, მოვუწოდებ ნიკოლ პაშინიანს, დაჯდეს დიალოგის და მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს".

თუმცა, პაშინიანმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.. 

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი არმენ სარგისიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები