ბულინგი

PHR-ის იურისტი: ბავშვზე ძალადობის ვიდეოში რამდენიმე დანაშაულის ნიშნები იკვეთება

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ბავშვზე ძალადობენ, რამდენიმე დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

"პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია იქნა გავრცელებული და ვარაუდი არის, რომ ეს ყველაფერი უნებართვოდ მოხდა. გარდა ამისა, აშკარად იკვეთება, რომ შესაძლებელია, ვიდეოს გადამღები ბავშვები ძალადობდნენ, მინიმუმ, ფსიქოლოგიურ ძალადობასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. რაც შეეხება ისტორიას, რომელსაც ბავშვი ყვება სექსუალური ხასიათის კონტაქტთან დაკავშირებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სიმართლეს ამბობს თუ არასწორ ინფორმაციას, თავისი ნების საწინააღმდეგოდ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ნებისმიერი მსგავსი ქმედება დანაშაულია. თუ ეს არ არის სიმართლე, კიდევ ერთი საფუძველია ვივარაუდოთ, რომ ეს ბავშვი სხვა ბავშვების მხრიდან ძალადობის მსხვერპლია", - ამბობს ანა თავხელიძე ტაბულასთან.

გარდა ამისა, PHR-ის იურისტი საუბრობს ძალადობის მუხლით გამოძიების საჭიროებაზეც.

"როგორც აღმოჩნდა, დიდი ხანია ვიდეო ინტერნეტ სივრცეშია. ამაზე სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, მიმართვის გარეშეც უნდა დაეწყო რეაგირება. გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს სხვა ბავშვების მხრიდან. ეს ნაწილი შეფასების გარეშეა რატომღაც. შეიძლებოდა გამოძიებას ეფიქრა კვალიფიკაციის განსაზღვრაზე, მათ შორის ძალადობის მუხლით. არის ერთი ეპიზოდი, სადაც ფიზიკურად ეხებიან ბავშვს", - აცხადებს ანა თავხელიძე.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია გავრცელებული ორგანიზაციის შესახებ PHR-მა მიაწოდა, თუმცა გამოძიების პროცესში ამ დროისთვის ჩართულები არ არიან, რადგან არავის მიუმართავს. იურისტი ამბობს, რომ ორგანიზაცია თვალყურს ადევნებს რამდენად ადეკვატური და დროული რეაგირება მოხდება მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.

ცნობისთვის, FACEBOOK-სა და YOUTUBE-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები, ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, დადგენილია პირი, ვინც ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ატვრითა. უწყებაში აცხადებენ, რომ ის არასრულწლოვანია.

მათივე თქმით, შინაგან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) და 157-ე პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო.

ფაქტის შესწავლა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენის განცხადებით, ვიდეო ჩანაწერში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და ბულინგის ფაქტი იკვეთება. ნინო ლომჯაირა მიიჩნევს, რომ ვიდეოს გავრცელება მყისიერად უნდა აღიკვეთოს და დაიწყოს გადაუდებელი გამოძიება.

კომენტარები