სალომე ტატიშვილის საქმე

სალომე ტატიშვილის ოჯახი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

12 წლის სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში დაიღუპა - მას უკანა მხრიდან დიდი სიჩქარით მოსრიალე 19 წლის გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა. მას მერე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ლიპარტელიანი გაამართლა, ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. კონტრავერსულ საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. ოჯახი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და დაუსჯელობის განცდას აჩენს.

ლიპარტელიანს ბრალი სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ედებოდა. თითქმის 2-წლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 2017 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო. 

ბრალდების და დაცვის მხარის არგუმენტები

16 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართა, სადაც ბრალდების და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

პროკურორმა გოჩა ქორაიამ სასამართლოს უთხრა, რომ სალომე ტატიშვილს სწრაფად მოსრიალე ლიპარტელიანი უკანა მხრიდან დაეჯახა. მისი თქმით, შეჯახებისას ლიპარტელიანი გაუმართლებლად სწრაფად სრიალებდა და ნასვამი იყო. პროკურორის განცხადებით, მართალია ექსპერტიზამ ალკოჰოლური თრობა არ დაადასტურა, მაგრამ ექსპერტიზა შემთხვევიდან 8 საათის და 30 წუთის შემდეგ ჩატარდა, ალკოჰოლის მიღებიდან დაახლოებით 11 საათის შემდეგ, რაც შეუძლებელს ხდის თრობის ფაქტის დადასტურებას. პროკურორისვე თქმით, ის ფაქტი, რომ ლიპარტელიანი 4 წლის ასაკიდან სრიალებდა, ადასტურებს, რომ მას კარგად ესმის თხილამურებზე სრიალის ნიუანსები და შესაძლო საფრთხეების შესახებაც უნდა სცოდნოდა. შესაბამისად, ბრალმდებლის განცხადებით, ლიპარტელიანმა არარეალური რისკი გასწია და თვითიმედოვნებით, გაუფრთხილებლობით სალომე ტატიშვილის სიცოცხლე მოსპო.

საპასუხოდ, ადვოკატმა თენგიზ ხარებავამ თქვა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო, რადგან სავარაუდოდ სრიალისას ლიპარტელიანი რამეს წამოედო - ეს შესაძლოა ხის ფესვი, ტოტი ან ხრეში ყოფილიყო. მისი თქმით, ლიპარტელიანი ჯერ წაიქცა და გარდაცვლილს უკვე წაქცეული დაეჯახა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთში გადახლართულები ათობით მეტრზე დაგორდნენ. ადვოკატმა ისიც თქვა, რომ წინ მოსრიალე სალომე ტატიშვილი არასწორ მანევრებს აკეთებდა.

დაცვის მხარის მტკიცებით, ლიპარტელიანი ნასვამი არ ყოფილა და “ინცინდენტის დღეს, დილით მხოლოდ 100 გრამი კონიაკი დალია”. მისივე თქმით, სალომე ტატიშვილს და სხვა ბავშვებს, რომლებიც შემთხვევის დროს “კუდები 3”-ზე სრიალებდნენ, თან არალიცენზირებული მწვრთნელი ახლდათ, ასევე, არ ყოფილა არავითარი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ ტრასაზე ბავშვებიც იყვნენ.

საერთაშორისო პრეცედენტი “ხალხი ჰოლის წინააღმდეგ” გიორგი ლიპარტელიანის საქმეში

პროკურორის თქმით, გიორგი ლიპარტელიანის ადვოკატმა პრეცედენტად მოიხმო საქმე - “ხალხი ჰოლის წინააღმდეგ”. საქმე 2 წლის წინ გუდაურში მომხდარი ფაქტის მსგავსია: ნათან ჰოლი უკონტროლოდ მაღალი სიჩქარით მთიდან დაეშვა, წინ მოსრიალე ადამიანს დაეჯახა და ადგილზე მოკლა.

საქმეზე მსჯელობა დაახლოებით 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ის კოლორადოს შტატის საოლქო სასამართლომ განიხილა, შემდეგ - სამხარეო სასამართლომ, ბოლოს კი შტატის უზენაესმა სასამართლომ საქმე მეორე ინსტანციაში ხელახლა განსახილველად დააბრუნა. ნაფიცმა მსაჯულებმა 2000 წელს დაასკვნეს, რომ ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას და გამამტყუნებელი განაჩენიც გამოიტანეს, რომელიც მოიცავდა როგორც პატიმრობას, ასევე გამოსასწორებელ სამუშაოებსა და კომპენსაციას გარდაცვლილის ოჯახისთვის.

თუმცა, ლიპარტელიანის საქმეში ამ ქეისის მხოლოდ ნაწილი - კოლორადოს შტატის პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოს გადაწყვეტილებები დევს, რომელმაც საქმეს აცილება მისცეს.

16 აპრილის სააპელაციო სხდომაზე პროკურორმა გოჩა ქორაიამ თავისი დასკვნითი სიტყვის წარდგენისას ისაუბრა. ლიპარტელიანის ადვოკატებს, მანანა ლიპარტელიანს და თენგიზ ხარებავას თავიანთი სიტყვით პროკურორის განცხადების ამ ნაწილისთვის არ უპასუხიათ.

სააპელაციო სასამართლოს 16 აპრილის სხდომაზე ადვოკატის არგუმენტების ძირითადი საყრდენი საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი იყო.

საქალაქო სასამართლოს განაჩენის დასაბუთება

ბესიკ ბუგიანიშვილმა 2017 წლის დეკემბერში ლიპარტელიანის გამამართლებელი გადაწყვეტილება შემდეგი არგუმენტებით დაასაბუთა:

  • სათხილამურო სპორტში არ არის განსაზღვრული სიჩქარის დაშვებული ლიმიტი.
  • მსჯელობა, რომ ლიპარტელიანი ტატიშვილს ზურგიდან არ შეეჯახებოდა, თუკი ბრალდებული შედარებით ნაკლები სიჩქარით ისრიალებდა, მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია.
  • თხილამურებით სრიალი ექსტრემალური სპორტია, რაც, თავისი შინაარსით, სახიფათოა და ტრავმებს თავისთავად გულისხმობს.
  • სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს გიორგი ლიპარტელიანის მიერ სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით, რადგან მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება არც გიორგი ლიპარტელიანისა და არც სალომე ტატიშვილის სრიალის მანერა და ტრაექტორია შეჯახებამდე.
  • მართალია, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ გიორგი ლიპარტელიანი სალომე ტატიშვილს დაეჯახა ზურგის მხრიდან, მაგრამ არც ერთ მოწმეს არ განუმარტავს, თუ რა ტრაექტორიით სრიალებდა სალომე ტატიშვილი და რა ტრაექტორიით მიჰყვებოდა მას გიორგი ლიპარტელიანი.
  • ბრალდების მხარის თქმით, გიორგი ლიპარტელიანმა არასწორად ჩათვალა, რომ თავისი გამოცდილებით შეძლებდა ესრიალა ისეთი სირთულის ტრასაზე, როგორიც არის “კუდები 3”. ლიპარტელიანის მწვრთნელმა, რომელსაც დაეყრდნო მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას, თქვა, რომ ბრალდებული სათხილამურო სპორტს 4 წლიდან მისდევს და შეეძლო ამ სირთულის ტრასაზე ჯოხების გარეშეც კი ესრიალა.
  • პროკურატურის მტკიცებით, სათხილამურო ტრასის 11 იანვრის ექსპერტიზით ვერ დადასტურდა ტრასის დაზიანების ან ტრასაზე რაიმე უცხო საგნის არსებობის ფაქტი, რასაც შეეძლო ბრალდებულის წონასწორობის დაკარგვა და შემდეგ შეჯახება გამოეწვია. მოსამართლემ კი აღნიშნა, რომ შეჯახება მოხდა 10 იანვარს, ტრასის ექსპერტიზა ჩატარდა მეორე დღეს, გუდაურში კი კლიმატი და ტრასის მდგომარეობა საათობრივად იცვლება.
  • მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტი, რომ გიორგი ლიპარტელიანი ნასვამი იყო. ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულის სისხლში ალკოჰოლი არ იყო. მოსამართლის განმარტებით, წინა დღეს დალეული 3-4 ჭიქა ღვინო და შემთხვევის დღეს, დილის ათ საათზე, მიღებული 100 გრამი კონიაკი, არ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ გიორგი ლიპარტელიანი თრობის გამო თავს ვერ გააკონტროლებდა.
     

სასამართლოს დასაბუთების შეფასება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც სასამართლოში სალომე ტატიშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს ეს არგუმენტები დაუსაბუთებელია და ამასთან დაუსჯელობის კუთხით საშიშ პრეცედენტს ქმნის.

“არაერთი მოწმე პირდაპირ მიუთითებდა, რომ გიორგი ლიპარტელიანი ძალიან მაღალი სიჩქარით, პირდაპირი დაშვებით დაეშვა მთაზე და დაეჯახა მის წინ მოძრავ სალომე ტატიშვილს, რის გამოც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

მიუხედავად მათი ჩვენებებისა, სასამართლომ მაინც ჩათვალა, რომ ეს პიროვნება სალომეს გარდაცვალების საქმეში დამნაშავე არ ყოფილიყო. მან ეს გადაწყვეტილება გამოიტანა ჰიპოთეტური ეჭვებიდან გამომდინარე - თითქოს გიორგი ლიპარტელიანი სალომეს დაეჯახა იმიტომ, რომ შუა სრიალის დროს ფეხი წამოკრა რაიმეს, ან თავად სალომე მოძრაობდა ისე, რომ ხელი შეუწყო შეჯახებას, მაშინ როდესაც ასეთ რამეს დაკითხული 15-მდე მოწმიდან არც ერთი ამბობს. არც ერთი მათგანი არ მიუთითებს იმაზე, რომ თავად სალომეს მოძრაობის ტრაექტორია იყო ისეთი, რომ შეჯახების პროვოცირება მოეხდინა, ან რომ შეჯახებამდე თავად გიორგი ლიპარტელიანი წაიქცა და ამის შემდეგ შეეჯახა”, - თქვა ადვოკატმა, საია-ს იურისტმა მერი დაუშვილმა.

სალომე ტატიშვილის დედის ნინო ჟვანიას შეფასებით, მოსამართლის არგუმენტები ცინიკური და აბსურდულია, ვინაიდან ის მომხდარზე პასუხისმგებლობას მსხვერპლს აკისრებს.

“მოსამართლე ორ ეპიზოდში აკისრებს სალომეს, მსხვერპლს, პასუხისმგებლობას. ერთს იმ ნაწილში, როცა ამბობს, რომ თხილამურებით სრიალი ექსტრემალური სპორტია და მეორედ, როცა აღნიშნავს, რომ მას უკან მოსრიალე ადამიანის სრიალის ტრაექტორია უნდა განესაზღვრა. ბუგიანიშვილი აცხადებს, რომ სამთო-სათხილამურო სპორტი ექსტრემალურია, რომელიც თავის თავში ტრავმებსაც მოიცავს. მაგრამ გუდაური არის კურორტი და აქ სრიალი ექსტრემალურ სპორტად არ უნდა ითვლებოდეს. ამ გადაწყვეტილების გამოტანა იმიტომაც არის არასწორი, რომ იქმნება პრეცედენტი, როცა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა დაუსჯელი რჩება”, - ამბობს ჟვანია.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს აკრიტიკებს 7 არასამთავრობო ორგანიზაციაც. მათი თქმით, ის დაუსაბუთებელი, აბსტრაქტული და არადამაჯერებელია. NGO-ების შეფასებით, მთელ რიგ შემთხვევებში, მოსამართლის მიერ მტკიცებულებები ცალმხრივად არის ინტერპრეტირებული და შეფასებული, ხოლო ყურადღების მიღმაა დატოვებული არაერთი მოწმის ერთგვაროვანი ჩვენება.

ორგანიზაციების აზრით, არასწორია, რომ მოსამართლე, ფაქტობრივად გამორიცხავს წინდახედულობის ნორმის საერთოდ არსებობას იმ პირობებში, როდესაც კანონში რამე დეტალურად გაწერილი არ არის. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მსგავსი მსჯელობა საფრთხის შემცველია, ვინაიდან იგი ეჭვქვეშ აყენებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის. მათი აზრით, ამით სასამართლო მიანიშნებს, რომ წინდახედულობის ნორმების დარღვევის შემთხვევაშიც კი, თუ ყველა შესაძლო შემთხვევა დეტალურად არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, პასუხი არავის მოეთხოვება.

ორგანიზაციების თქმით, განაჩენიდან ასევე იკვეთება, რომ მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო არაერთი მოწმის ჩვენება და საკუთარი მსჯელობები გაუგებარ/ბუნდოვან გარემოებებს დააფუძნა.

“საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმე მიუთითებდა, რომ საქმეზე ბრალდებული მოძრაობდა ძალიან სწრაფად, სიჩქარის კონტროლის გარეშე, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ გაიზიარა მხოლოდ ბრალდებულის პოზიცია, რომ იგი აკონტროლებდა სიჩქარესა და მოძრაობის ტრაექტორიას. ამასთან, მოსამართლემ, აგრეთვე საეჭვოდ, ფაქტობრივად უყურადღებოდ დატოვა თავად ბრალდებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის საუბრობს მოთხილამურის მიერ გასათვალისწინებელ გარემოებებზე. იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეს მიაჩნია, რომ არ არსებობს წინდახედულობის ნორმა, თავად ბრალდებული მიუთითებდა, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა ეს ნორმები, რაც მას უკრძალავდა კონტროლის გარეშე სრიალს” - აცხადებენ არასამთავრობოები.

12 წლის გოგონას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს. ის სააპელაციო პროცესებზე დასასწრებად საქართველოში არ ჩამოსულა.

მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ 16 აპრილის სხდომაზე წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვების დეტალურად გასაცნობად დრო ითხოვა. შეიცვლება თუ არა ლიპარტელიანის გამამართლებელი განაჩენი, 25 აპრილს გაირკვევა.

კომენტარები