სუს-ის ანგარიში

გომელაური: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ, გააძლიერონ პოლიტიკური გავლენები

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, უცხო ქვენის სამსახურები თავიანთი მიზნების შესასრულებლად "ჰიბრიდული ომის" ტაქტიკას კვლავ აქტიურად მიმართავენ, საშუალებად კი პროპაგანდისტულ მედიას და დეზინფორმაციას, ასევე სხვა კომპონენტებს იყენებენ. 

ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, სადაც სუს-ის 2017 წლის ანგარიში წარადგინა. 

„საკუთარი ამოცანების შესასრულებლად სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას. ცდილობენ, პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის, ასევე სხვა კომპონენტების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას. საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული მეთოდები გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, გააძლიერონ და გააფართოვონ პოლიტიკური გავლენები. საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული საკითხების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება. გარკვეული ორგანიზაციები ეროვნული და რელიგიური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მიზანმიმართულად ცდილობდნენ შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას, ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტრუქციული მოწოდებებით სახელმწიფოსათვის გარკვეულწილად დამაზიანებელი იდეებისა და შეხედულებების გავრცელებას“, - თქვა გომელაურმა. 

კომენტარები