პრეზიდენტის შეწყალება

კოჟორიძე სასამართლოს დასრულებამდე შეწყალებაზე: გასაჩივრების შესახებ არ ვიცოდით

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, არ ჰქონდათ ინფორმაცია იმ საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესახებ, რომელში მსჯავრდებულიც პრეზიდენტმა შეიწყალა.

საუბარია საქართველოს პროკურატურის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების აქტი საქმის სასამართლო განხილვების დასრულებამდე გამოსცა.

"შეწყალებასთან დაკავშირებით, იმ დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებით, რომელიც არსებობს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის კუთხით, ამ შემთხვევაში არ მოხდა ინფორმაციის მოწოდება, იმის შესახებ იყო თუ არა ეს საქმე გასაჩივრებული. შეწყალების კომისიამ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართა, თუმცა ამაზეც პასუხი იყო ის, რომ არ იყო გასაჩივრებული", - ამბობს კოჟორიძე.

მისივე თქმით, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა "ქართული ოცნების" დეპუტატ, ვანო ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული სიურპრიზის მოწმე.

"ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რომ ამაში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებები", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდებული პირი საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო პროცესების დასრულებამდე შეიწყალა.

საუბარია იმაზე, რომ საქმე ჯერ კიდევ განიხილება სააპელაციო სასამართლოში, სადაც პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი კი ტაბულასთან განმარტავს, რომ პრეზიდენტს შეწყალება კანონში გაწერილი წესების დაცვის გარეშეც შეუძლია და ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა.

რევაზ აჭარაძის თქმით, ეს წესები შეწყალების კომისიას ეკუთვნის, რომელიც ამზადებს დასკვნას. თუმცა, პრეზიდენტს უარყოფითი დასკვნის შემთხვევაშიც შეუძლია შეწყალება.

კომენტარები