Woman in the World

თამარ ჩერგოლეიშვილი Women in the World სამიტზე სიტყვით გამოდის [LIVE]

"დიახ, მე საქართველოს რესპუბლიკიდან ვარ, თუმცა საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 16 წლის ასაკში გავხდი, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა,"- ამ სიტყვებით დაიწყო ტაბულას დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის, სიტყვით გამოსვლა Women in the World 2018 წლის სამიტზე. 

პანელს, სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ", რომელზეც თამარ ჩერგოლეიშვილი სიტყვით გამოდის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი უწევს მოდერირებას.

თამარ ჩერგოლეიშვილის სიტყვით გამოსვლა

"მე საქართველოდან ვარ, თუმცა საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 16 წლის ასაკში გავხდი, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა. მანამდე ტოტალიტარულ კომუნიზმში ვიცხოვრე. 

ამიტომ აქ ვისაუბრებ არა რაღაც თეორიული პერსპექტივიდან, არამედ როგორც ის, ვინც ცხოვრობდა რეპრესიულ რეჟიმში და ვინც გამოსცადა გათავისუფლება, რომელიც ძალიან ძვირი დაჯდა. 

ეს ყველაფერი აქ, ჩემს გონებაშია. აი აქ, ჩემს მაისურზე კი თქვენ ხედავთ თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველს - მარო მაყაშვილს. ის 100 წლის წინ, იოსებ სტალინის მიერ ორგანიზებულ საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლას შეაკვდა. 

ის იბრძოდა თავისი ფუნდამენტური უფლებებისთვის - გამოხატვის თავისუფლებისთვის, რწმენის თავისუფლებისთვის, თანასწორი უფლებებისთვის, ქალების არჩევნებში მონაწილეობის უფლებისთვის. ეს ყველა უფლება მას გარანტირებული ჰქონდა დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციით.

თუმცა, ქართული დემოკრატიამ მხოლოდ 3 წელის გასტანა. ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ვერ გადაურჩა საბჭოთა ბოროტების იმპერიას, ისევე, როგორც ევროპის ნახევარი და კიდევ ბევრი სხვა ქვეყანა. 

ეს მსხვერპლი იყო იმიტომ, რომ დასავლეთი უგულებელყოფდა ტოტალიტარული კომუნიზმის საფრთხეს სანამ მილიონობით ადამიანი არ მოკლეს და მილიონობით ადამიანს, მათ შორის მეც, არ წაართვეს ფუნდამენტური თავისუფლებები

ახლა, სანამ აქ ვსხედვართ, კიდევ ერთი ავისმომასწავებელი საფრთხე ძლიერდება. კრემლში ახლა მორიგი მონსტრი ზის, რომლისთვისაც იოსებ სტალინი მისაბაძი მაგალითია და ვისაც სჯერა, რომ საბჭოთა ბოროტების იმპერიის ნგრევა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. 

პუტინი ფანატიკურად ერთგულია თავისი მიზნის, უკან შეატრიალოს ისტორია და აღადგინოს რუსეთის დომინაცია. ვშიშობ, ის უფრო სერიოზულად უდგება დასავლეთთან დაპირისპირებას, ვიდრე თავად დასავლეთი რუსულ საფრთხეს. ეს ვითარება არსებითად არ შეცვლილა ახლაც კი, როდესაც თავისუფალი სამყაროდან რუს დიპლომატებს აძევებენ და პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს სანქციებს უწესებენ. 

თუკი გვსურს, რომ რუსულ საფრთხეს წინ აღვუდგეთ და ავტორიტარიზმის ინფექციის გავრცელება შევაჩეროთ, პირველ რიგში, ვითარება რეალისტურად უნდა შევაფასოთ. მოდით, ვაღიაროთ, ცივი ომის შემდგომი წესრიგი უკვე დაირღვა.

ჩემი ქვეყნის ⅕ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, იგივე ხდება უკრაინაშიც.
შესაძლოა, ზოგმა იკითხოს, ჰუმანიტარული მიზეზების გარდა, რატომ უნდა ვიღონო რამე, როცა ქართველებსა და უკრაინელებს უჭირთ? იმიტომ, რომ პუტინი აქ არ გაჩერდება. 
პუტინი მუხანათურად წავიდა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ის ჩაერია საფრანგეთის არჩევნებში ულტრანაციონალისტური პარტიის დაფინანსებით. იმიტომ, რომ პუტინი ერევა აშშ-ის არჩევნებშიც. 

ასე რომ, მას ჩვენ ვჭირდებით. მას სჭირდება ჩვენით მანიპულირება, რადგან თქვენზე სურს დომინირება. ამიტომ, ეს თქვენი პრობლემაცაა. 

იმისათვის, რომ ავტორიტარიზმის ზრდა შევაჩეროთ, ჩვენ გვჭირდება, რომ სწორად შევაფასოთ საფრთხე და ამის საფუძველზე შევიმუშავოთ ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული სტრატეგია. ჩვენ გვჭირდება ახალი ტრუმანის დოქტრინა,"- თქვა ჩერგოლეიშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი WITW სამიტზე ვიდეო

 

 

კომენტარები