პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი პოლიტპატიმართა საქმეების შესწავლას დააფინანსებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან დევნილად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლას უზრუნველყოფს, რაც პირს შესაძლებლობას მისცემს, სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება აღიდგინოს.

კერძოდ: მემორანდუმის ფარგლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს იმ დროებითი კომისიის მუშაობას, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ შექმნა და რომელიც "რეპრესირებული ადვოკატებისა და პოლიტპატიმრად აღიარებული პირების მიმართვის შემთხვევაში, შეისწავლის მათ საქმეებს, მოამზადებს დასკვნებს და დაეხმარება, მიმართონ სასამართლოს მათი საქმეების ხელახლა განხილვის მიზნით. კომისია ასევე დაეხმარება ზემოაღნიშნულ პირებს მიმართონ პროკურატურას მათ საქმეებში სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით".

გიორგი მარგველაშვილის თქმით, 2012 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირთა უფლებების აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცილებელია, ადამიანებს, რომლებსაც კანონით მიენიჭათ პოლიტპატიმრის სტატუსი, ჰქონდეთ თავისი სიმართლის მტკიცების შესაძლებლობა.  

“ამ წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ გაჩნდა ე.წ. გირგვლიანის შესწორებების განხორციელების ინიციატივა, რომელსაც, ბუნებრივია, მე მხარი დავუჭირე, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც ჩვენ შევძლებდით საუბარს, ჩვენს ხელთ არაა. ჩვენ აღვნიშნეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს "გირგვლიანის შესწორებებში". რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს თვითონ სამართლებრივი დევნის იურიდიული ბაზის დახვეწა, მაგრამ არამხოლოდ; აუცილებელია, რომ ამ შესწორებებით გასწორდეს ის უსამართლობა, რომელიც საკუთრივ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც ახორციელებდა ამ დევნას, ვის სახელებსაც უკავშირდება თუნდაც პოლიტპატიმრების ის სია, ვისი ყოველდღიური შესრულებითაც ხორციელდებოდა დევნა და შემდეგ სასამართლო სისტემაში ამ ადამიანებისათვის განაჩენის გამოტანა.

იმ პირებს, ვინც კანონით არიან ცნობილი პოლიტიკურ დევნილებად, ჩვენ დღეს თავისი უფლებების აღსადგენად რეალურ მექანიზმს ვაძლევთ ხელში", - თქვა მარგველაშვილმა. 

ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი სიმბოლური სახელწოდებით "გირგვლიანის შესწორებები" პარლამენტში 23 მარტს დაარეგისტრირა. 

დეპუტატ მამუკა მდინარაძის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლს შეეხება, ასევე კოდექსს 2 ახალი სპეციალური მუხლი დაემატება - ერთი მათგანი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას შეხება. 

ცვლილებები ასევე ეხება სახელმწფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას. 

პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ. 

კომენტარები