ოცნების ფრაქცია: პრემიერის წერილი საუკეთესოდ ასახავს ჩვენს პოზიციებს კონფლიქტურ რეგიონებზე

სასჯელაღსრულების სამინისტრო

ფრაქცია ქართული ოცნება -სოციალ-დემოკრატები პრემიერის რუსეთის მიმარვაზე, გუშინ ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებას პასუხობს. განცხადებაში წერია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება საუკეთესოდ ასახავს საქართველოს პოზიციებს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. ოცნების მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში ასევე წერია, რომ მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ პრემიერის რუსეთისადმი მიმართვა ოპოზიციისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ე.წ. „პროდასვალური“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავენ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება საუკეთესოდ ასახავს ჩვენს პოზიციებს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ასუსტებს საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და დეოკუპაციის გზაზე ჩვენს პოზიციებს. ჩვენთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაახლოებული მარგინალური, მცირე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის აღნიშნული განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა. გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი ორგანიზაციები არ მიესალმებიან საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, გააუმჯობესოს ის უაღრესად მძიმე ვითარება, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩამოყალიბდა, ვინაიდან, სწორედ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული უპასუხისმგებლო და ირაციონალური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს შეუსუსტდა ყოველგვარი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბერკეტი მოწინააღმდეგებთან." - წერია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართული ოცნების ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ამ განცხადებას აწერენ ხელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პარტიებია.

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის ლუსტრაცია. სინამდვილეში, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილით, ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვა დროს ემიჯნებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას, სინამდვილეში მათ სატელიტ, ერთ იდეოლოგიურ ბაზისზე არსებულ გაერთიანებებს წარმოადგენენ. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ იმ პარტიების დამოკიდებულება, რომლებიც საკუთარ თავს მოიაზრებენ „პროდასავლურებად“, რადიკალურად განსხვავდება ჩვენი მთავრობის და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დამოკიდებულებისაგან, მხედველობაში გვაქვს NATO-ს გენერალური მდივანი იან სტოლტემბერგი, რომელმაც განაცხადა, რომ ის მიესალმება „საქართველოს სურვილს, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების მოსაგვარებლად“. ამ პათოსის გამომხატველია აშშ-ის ელჩის - იან კელისა და სხვათა განცხადებები. დარწმუნებული ვართ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსი და რაც მთავარია საზოგადოება, არანაირ ყურადღებას არ აქცევს „ნაციონალური მოძრაობის“, მისი სატელიტების პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს და სრულად მხარს უჭერს პრემიერმინისტრის ინიციატივას მოლაპარაკებებისა და მშვიდობის გზით კონფლიქტების მოგვარების თაობაზე." - წერია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საერთო განცხადებით გუშინ მიმართა. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

კომენტარები