სერგეი სკრიპალის მოწამლვა

დიდი ბრიტანეთის ელჩის ჯასთინ მაკენზის ბლოგი სოლსბერის თავდასხმაზე

კვირას 4 მარტს, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, პარკში, სკამზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორივე, ამ წუთამდე, კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

მსოფლიოს წამყვანმა ექსპერტებმა პორტონ დაუნის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეცნიერო და ტექნოლოგიების ლაბორატორიიდან დაადასტურეს, რომ მათი მოწამვლა მოხდა რუსეთში შემუშავებული სამხედრო კლასის პარალეპტიკური ნივთიერებით, სახელწოდებით „ნოვიჩოკი“.

ბრიტანეთის პოლიციის ოფიცრის მდგომარეობა, რომელიც ასევე თავდასხმის მსხვერპლი გახდა, მძიმეა. პოტენციურად, ასობით სხვა ადამიანიც შეიძლებოდა გამხდარიყო ამ გაუგონარი და უგუნური ქმედების მსხვერპლი. გამოძიების დასახმარებლად და დაბინძურებულ ადგილებში უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებულია სპეციალური სამხედრო ძალების დანაყოფები.

საფუძვლიან გამოძიებაზე დაყრდნობით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა ინფორმაცია, რუსეთი აწარმოებდა ამ ტიპის პარალეპტიკურ საშუალებას და ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს წარსულში აქვს სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი მკვლელობების ისტორია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადგინა, ალბათობა იმისა, რომ რუსეთი დგას სერგეი და იულია სკრიპალების მიმართ ჩადენილი ქმედების უკან - დიდია.

შესაბამისად, მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა რჩება:

1. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი შეტევა გაერთიანებულ სამეფოზე

2. ან რუსეთის მთავრობამ კონტროლი დაკარგა ამ პოტენციურად კატასტროფულ

გამანადგურებელ პარალეპტიკურ ნივთიერებაზე და მისი სხვის ხელში ჩაგდება დაუშვა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, დაიბარა რუსეთის ელჩი ბრიტანეთში და მოსთხოვა აეხსნა, ამ ორი ვარიანტიდან, რომელი იყო სიმართლესთან ახლოს. თუმცა, რუსეთმა არ ისურვა რაიმე ტიპის განმარტების გაკეთება, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა რუსული წარმოების პარალეპტიკური ნივთიერება გამოყენებულიყო ბატონი სკრიპალის და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ; ასევე რუსეთმა არც ის განმარტა, რატომ აქვს რუსეთს აკრძალული ქიმიური იარაღის პროგრამა, ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით.

აქედან გამომდინარე ჩვენ ვასკვნით, რომ ადგილი აქვს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ძალის უკანანოდ გამოყენებას.

ჩვენ ნამდვილად არ გვიჩქარია დასკვნების გაკეთება. ჩვენ ვაწარმოეთ საფუძვლიანი და დეტალური გამოძიება, რომელიც ახლაც გრძელდება. ჩვენ ვთხოვეთ ქიმიური იარაღის ამკრძალველ ორგანიზაციას დამოუკიდებლად დაედასტურებინა პარალეპტიკური ნივთიერების გამოყენება. ჩვენ მივეცით რუსეთს საშუალება განემარტა თავისი პოზიცია. მაგრამ, რუსეთმა უარი თქვა.

ვიცი, რომ საქართველოში ჩვენი მეგობრებისთვის ახალი და საკვირველი არაფერი ხდება. რუსეთის მხრიდან ბრიტანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენება - არის იმ კარგად ჩამოყალიბებული განმეორებითი ქმედებების ნაწილი, რომლითაც რუსეთი გამოირჩევა. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აგრესიას ადგილი ჰქონია როგორც საქართველოს, ისე სხვა ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის უკრაინის, მიმართაც.

ოთხშაბათს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტს წარუდგინა იმ მოქმედებების ნუსხა რომლებსაც ბრიტანეთი კრემლის საპასუხოდ მიმართავს. მათ შორის:

23 რუსი დიპლომატის გაძევება ბრიტანეთიდან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდა როგორც დაზვერვის სამსახურების თანამშრომლების.

დიდი ბრიტანეთის საზღვრებზე იმ პირების დაკავებისთვის უფრო მიზანმიმართული მექანიზმის შემუშავება, რომლებიც შემჩნეულნი არიან მტრულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაში.

ჯაშუშებთან ბრძოლის ახალი მექანიზმების შემუშავება და კანონდმებლობის გამკაცრება, სანქციების დაკისრება მათზე, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს.

რუსეთის სახელმწიფო აქტივების გაყინვა, თუკი ისინი შეუქმნიან საფრთხეს ბრიტანეთის მოქალაქეებს და ბრიტანეთში მცხოვრებ პირებს.

ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მაღალი რანგის ორმხრივი თანამშრომლობის შეჩერება.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან ამგვარი მკაცრი რეაგირება შექმნილი ვითარების სრულიად საპირწონეა . თუმცა აქვე დავძენ, რომ ჩვენ ვრჩებით ჩვენი ღირებულებების ერთგულნი და როგორც ლიბერალურ დემოკრატიას, გვჯერა კანონის უზენაესობის. ამ ზომების მიღებისას, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს უთანხმოება რუს ხალთან. ჩვენ, მათი უგუნური მთავრობის წინააღმდეგ გამოვდივართ.

გულწრფელად დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს და სხვა ბევრ სახელმწიფოს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემცველი მუქარები. ვიცით, რომ ეს კიდევ გაგრძელდება. სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, როდესაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში ამხელენ, რუსეთი სწორედ ასე იქცევა: უარყოფა, ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა და მუქარა.

მაგრამ, ჩვენ ეს მუქარები არჩეული გზიდან არ გადაგვიყვანს. ჩვენ ვიქნებით მტკიცენი, ვინაიდან გვჯერა ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების და კანონის უზენაესობის. ჩვენ ვუერთგულებთ იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც გვაქვს საქართველოსთან და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდეს ნაწილთან.

ჯასთინ მაქენზი სმითი

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში

კომენტარები