ქურდობა

შსს: ბათუმში ქურდობის 7 ფაქტი გაიხსნა, 1 კი აღიკვეთა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ქურდობის 7 ფაქტი გახსნა, ხოლო 1 ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ქურდობის 7 ფაქტი გახსნეს, ხოლო 1 ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია 2 პირი: 1988 წელს დაბადებული გ.ი. და 1990 წელს დაბადებული ვ.კ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან 2 მაგნიტოფონი, 2 ტელევიზორი, ვიდეორეგისტრატორი, სხვადასხვა პირადი ნივთები და პლასტიკური ბარათები მოიპარეს, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულ 2 გარე ვიდეოსათვალთვალო კამერას. ერთ-ერთმა დაკავებულმა ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან ველოსიპედი მოიპარა, მას, ასევე, ბრალი ედება მოქალაქის კუთვნილი ლეპტოპის ქურდობაში", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მეორე ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან ველოსიპედის მოპარვას ცდილობდა.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 19-177-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები