მიწების მისაკუთრება

სახელმწიფო მიწების თაღლითურად მითვისებისთვის 5 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ფართობების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოტყუებით მიისაკუთრეს სამი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 334 287 ლარია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს მიღება - ჩაბარების აქტები, რომლებიც მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერ მფლობელობაში გადაცემას ადასტურებდა. ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ ქალაქ თბილისის მიმდებარედ, სოფელ ქვემო ლისის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 4 500 მ 2 ფართობის სამ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 334 287 ლარს შეადგენს." - წერია საგამოძებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით. 

კომენტარები