კორუფცია

თანამდებობის პირთა საჩუქრები - საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა

facebook.com/KvirikashviliOfficial

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ თანამდებობის პირთა მიერ მიღებულ საჩუქრებზე კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, ასეთი საჩუქრები ზოგიერთ შემთხვევაში კორუფციის ნიშნებს შეიცავენ.

თანამდებობის პირთა საჩუქრები


ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო


ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე

საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით, იური ნოზაძე “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევს, ვინაიდან მისი მეუღლე ყოველ წელს სოლიდურ ფულად საჩუქარს იღებს, რომლის ღირებულებაც კანონით განსაზღვრულ ლიმიტს აღემატება.

კერძოდ, 2013-2016 წლებში - მის მეუღლეს ლენა მამაცაშვილს 80.500 ₾ აქვს მიღებული საჩუქრად შპს „ახალი სერვისისგან,” რომელიც ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ ჯგუფთან” დაკავშირებული კომპანიაა. კერძოდ, შპს „ახალი სერვისი” იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბანკი „ქართუ" მდებარეობს (ქ. თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონში, ი. ჭავჭავაძის გამზ.,N39ა) და საკონტაქტო ელ. ფოსტადაც [email protected] არის მითითებული. კომპანიის მესაკუთრე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია შპს „რინგოლდ ფინანს ლიმიტედია.” ამავე მისამართზეა რეგისტრირებული შპს „ფინსერვისი XXI"-ც, რომლის დირექტორი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეობამდე, თავად იური ნოზაძე იყო. „ფინსერვისი XXI” ფიგურირებს თბილისის მერიის მიერ ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის განკარგვის კორუფციის ნიშნების შემცველ პროცესში. საყურადღებოა ისიც, რომ იური ნოზაძემ 2016 წელს„ ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი შესწირა, რის შესახებაც ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებია.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, შპს “ახალი სერვისი” ახლობლების, მსახიობების, მომღერლებისთვის თანხის სახით დახმარების გადაცემის მიზნით შეიქმნა და მისი მეუღლე მას 7-8 წელია იღებს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე

TI-ის კვლევის მიხედვით, არჩილ გოგსაძე “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევს, ვინაიდან მას საჯარო რეესტრის მონაცემებით "აქტიური" სტატუსის მქონე საწარმოში დირექტორის პოსტი უკავია. ამავე დროს, მისი ოჯახის დეკლარირებული გასავალი მნიშვნელოვნად აღემატება მათ შემოსავალს, რაც საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების საფუძველი უნდა გახდეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ 2016-2017 წლებში 45 000 ლარის ოდნების ფულადი საჩუქარი მიიღო. 2016 წელს 20 000 ლარი მას ძმამ და დეიდაშვილმა აჩუქეს, ხოლო 2017 წელს 25 000 ლარის საჩუქარი ძმისგან მიიღო.

2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არჩილ გოგსაძე ორ კომპანიაშია 50%-იანი წლის მფლობელი, ხოლო ერთ-ერთში დირექტორის პოზიცია უკავია. თუმცა, მისივე ცნობით, კომპანიებს საქმიანობა ამ დროისთვის შეჩერებული აქვს. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „აგუნა” მოქმედი კომპანიაა, და სწორედ მასშია რეგისტრირებული დირექტორად არჩილ გოგსაძე, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს ეწინააღმდეგება. ამავდროულად, მისი ბიზნესპარტნიორი ლევან გოგსაძეა. საყურადღებოა, რომ ლევან გოგსაძეს 2016 წელს „ქართული ოცნებისთვის” 37 950 ლარი აქვს შეწირული.

რაც შეეხება დეკლარაციაში მითითებულ მეორე კომპანიას, შპს „გრანდს”, რეესტრში უკანასკნელი ამონაწერი 2017 წლის 11 მაისში ფიქსირდება, რომლის მიხედვითაც არჩილ გოგსაძე კომპანიის მოქმედი მეწილეა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მერის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის გასავალი მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავალს.

რა ითვლება დარღვევად:

"საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს.

ამავდროულად, საჩუქარს არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ახლო ნათესავის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება;  შესაბამისად, კანონი საჯარო მოსამსახურეს აძლევს საშუალებას ახლო ნათესავისგან საჩუქრად მიიღოს განუსაზღვრელი რაოდენობის / ღირებულების თანხა / ქონება. 

კომენტარები