არჩილ ტატუნაშვილის საქმე

საპატრიარქოს ცნობით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ

ამერიკის ხმა

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.

საპატრიარქომ რუსეთის პატრიარქ კირილისგან წერილზე პასუხი მიიღო. მასში ნათქვამია:

"უწმინდესო და უნეტარესო, უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!

გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ მსახურებაში.

პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.

ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე".

აღსანიშნავია, რომ პატრიარქი კირილი საპატრიქროსთვის გამოგზავნილ წერილში ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებას "ადგილობრივ ხელისუფლებად" მოიხსენიებს. 


ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ცნობას, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ, დამატებით ავრცელებს.

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით 2 მარტს მიმართა და ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობა სთხოვა.

კომენტარები