გვარის შეცვლა

გვარის შეცვლის წესები მკაცრდება

იუსტიციის სახლი

გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება - საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა.

პრემიერმინისტრის შეფასებით, ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ გეგმისა, რომელიც ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკის პრევენციას ითვალისწინებს.

"მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები, გამოწვევები. ჩვენ გვაქვს კომპლექსური გეგმა შემუშავებული. ამაზე იყო საჯაროდაც საუბარი. დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც გვქონდა კომუნიკაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ვდგამთ კომპლექსურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოტანილი ცვლილებები, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურას, გარკვეულწილად, ართულებს,“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოქალაქეები გვარის შეცვლის შედეგად, რამდენჯერმე, სხვადასხვა გვარით ახერხებენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას, რაც დანაშაულია.

"ჩვენ ვართულებთ ამ პროცედურას. ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან, წევრ ქვეყნებთან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაგებით მოეკიდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკი და ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით," - განაცხადა პრემიერმინისტრნმა.

გვარის შეცვლის მოქმედი წესები, რა გვარის მიღებაა ახლა შესაძლებელი:

  • პირს შეუძლია მიიღოს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი;
  • პირს შეუძლია მშობელთა შეერთებული გვარი;
  • ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
  • მშვილებლის გვარი;
  • მეუღლის გვარი;
  • სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ თქვენთვის მონიჭებული გვარი.
  • საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.
  • დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი.
  • ასევე, დაინტერესებულ პირს შეუძლია:
  • აღიდგინოს ისტორიული გვარი;
  • მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება;

 გვარის და სახელის შეცვლის მიუხედავად, მოქალაქის პირადი ნომერი უცვლელი რჩება.

კომენტარები