რუსეთი

Guardian: ათასობით ადამიანს პუტინის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დასწრება აიძულეს

EPA

The Guardian-ის მიხედვით რუსეთის მოსახლეობის ნაწილს შაბათს, 3 მარტს, მოსკოვის ცენტრში მდებარე Лужники-ს სტადინზე, რომელიც ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს, ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დასწრება აიძულეს.

Guardian-ი რუსულ ოპოზიციურ საიტებზე და სოციალურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ათასობით რუს მოქალაქეს, მათ შორის სტუდენტებს, სახელმწიფო უწყებების მოხელეებს და კერძო კომპანიების თანამშრომლებს მოუწოდეს დასწრებოდნენ ღონისძიებას და საჩვენებლად სურათებიც გადაეღოთ.

"შეგროვდით არანაკელებ 4 კაციან ჯგუფებად, გადაიღეთ ფოტო, როდესაც სტადიონზე მიხვალთ. არ დაგავიწყდეთ თქვენი პლაკატების წაღება პარასკევს!" Guardian-ის თქმით ეწერა მეილში, რომელიც მოსკოვში მდებარე ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებმა მიიღეს. მათი თქმით თანამშრომლები შიშობდნენ, რომ თუ მითითებას არ შეასრულებდნენ ხელფასი შეუმცირდებოდათ. მათი ინფორმაციით ღონისძიებაზე ფოტოს გადაღების შემდეგ პუტინის სიტყვით გამოსვლამდე სტადიონი ათასობით ადამიანმა დატოვა. Guardian-ი ასევე წერს, რომ სამშაბათს ვებგვერდებზე შემდეგი შინაარსის განცხადება გავრცელდა:

"ქალები და მამაკაცები 20-55 წლამდე. სამ მარტს. კამპანიის ღონისძიება/კონცერტი "ძლიერი რუსეთისათვის" ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერად. ანაზღაურება 500 რუბლი (~22 ლარი)."

მათი ინფორმაციით იმ პირებს, ვინც განცხადებას გამოეხმაურა სტადიონის გარეთ ხვდებოდნენ და ეკოლოგიური პარტიის დროშებს აძლევდნენ.

პუტინის კამპანიის სპიკერი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

პოლიციის ინფორმაციით სტადინზე 80,000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, ხოლო მის გარეთ დამონტაჟებულ ეკრანებზე ღონისძიებას 50,000-მდე ადამიანი ადევნებდა თვალს.

პოლიციამ სტადიონის გარეთ რამდენიმე პირი დააკავა, ვინც სირიასა და უკრაინაში სამხედრო კამპანიების გაპროტესტებას აპირებდა.

ღონისძიებას ცნობილი ადამიანები და სპორტის ვარსკვლავებიც დაესწრნენ. მათ შორის რუსეთის ყინულის ჰოკეის ნაკრები, რომელმაც ზამთრის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. პუტინის თხოვნით მათ ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება. სახელმწფო უწყებების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით პუტინი ხმათა 69%-ს მიიღებს. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი, პაველ გრუდინინია ხმათა 7%-ით.

კომენტარები