გერმანია

სოციალ-დემოკრატებმა მერკელის პარტიასთან სამთავრობო კოალიციას მხარი დაუჭირეს

AFP/Getty Images

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან სამთავრობო კოალიციის შექმნას მხარი დაუჭირეს.

კოალიციას პარტიის 464,000-მა წევრმა ხმა ფოსტით მისცა. მათმა 66%-მა კოალიციის შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

მერკელი კანცლერი მეოთხე ვადით გახდება. მას პარლამენტი 14 მარტს დაამტკიცებს. წინა სამთავრობო კოალიციაც სოციალ-დემოკრატებთან შედგა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ სოციალ-დემოკრატების ლიდერები სამთავრობო კოალიციის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან ხელახლა შექმნას გამორიცხავდნენ.

კოალიციის შექმნის შემდეგ ბუნდესტაგში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ულტრა-მემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისათვის" იქნება.

ახალ მთავრობაში 6 მინისტრს, მათ შორის ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს სოციალ-დემოკრატიული პარტია აირჩევს.

ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან სამთავრობო კოალიციის შექმნას მხარი 27 თებერვალს დაუჭირა.

გერმანიაში არჩევნები 24 სექტემბერს ჩატარდა და მას შემდეგ სამთავრობო კოალიციის შექმნის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თავდაპირველი მოლაპარაკებები სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს, თავისუფალ დემოკრატებს და მწვანეთა პარტიას შორის ოთხკვირიანი განხილვის შემდეგ თავისუფალი დემოკრატების გასვლის გამო ჩაიშალა. იმ შემთხვევაში, თუ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები კოალიციის შექმნაზე უარს იტყოდნენ, მერკელის პარტიას უმცირესობის მთავრობის შექმნა ან ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევდა.

კომენტარები