არჩილ ტატუნაშვილის საქმე

აშშ რუს ჩინოვნიკებს: დაკავებულები დაუყონებლივ გაუშვით ოკუპირებული ტერიტორიიდან

www.donthatemiami.com

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში დე ფაქტო სამართალდამცავების მიერ საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მოკვლის ფაქტს ეხმაურება. 

აშშ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო და პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის რუს სახელმწიფო მოხელეებს, "რომლებიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე დე ფაქტო კონტროლს ახორციელებენ", მოუწოდებენ სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას გარემოებების შესახებ. 

"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების ფაქტის გამო და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე ორმხრივი ნდობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებისათვის დაზარალებულ რეგიონში,"- წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

იმავე განცხადებაში ხაზგასმულია აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ ფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. 

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე, ჩვენ განმეორებით მოვუწოდებთ, აღსრულდეს მართლმსაჯულება 2016 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მოკლული საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე," - წერია განცხადებაში. 

დღეს ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს კიდევ რამდენიმე დღეს არ გადასცემს ოჯახს. მათი თქმით, "სიღრმისეული ექსპერტიზა" რუსეთმა უნდა ჩაატაროს. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები