ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: კალაძემ დაადეკლარირა, რომ ევროპული საქართველო ივანიშვილთანაა შეკრული

Levan Khabeishvili/facebook.com

საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ კახა კალაძემ თავისი განცხადებით, ენმ-ისა და ევროპული საქართველოს შედარებაზე, იმის დეკლარირება მოახდინა, რომ ევროპული საქართველოს წევრები ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან "არიან შეკრულები". 

"[განცხადება] ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის გასაკვირი არ არის მარტივი რამის გამო: ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოკერია, მაჭავარიანი, ბაქრაძე, თარგამაძე, გოგორიშვილი - ეს ხალხი პირდაპირ შეკრულია ბიძინა ივანიშვილთან, პირდაპირ თამაშობს ქართული ოცნების თამას, შესაბამისად, კალაძემ ამის დეკლარირება მოახდინა,"- ამბობს ლევან ხაბეიშვილი რუსთავი 2-თან საუბრისას. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თქვა, რომ ოპოზიცია ორ ნაწილად იყოფა ერთიან ნაციონალურ მოძრაობად და ევროპულ საქართველოდ. მისი თქმით, ენმ დესტრუქციული, მარგინალური ძალაა, რომელთან თანამშრომლობასაც ის არ აპირებს, ხოლო "ევროპული საქართველოს წევრები "ძალიან კონსტრუქციულები არიან", ამიტომაც, მათთან უმრავლესობის წარმომადგენლები თანამშრომლობენ. 

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ თბილისის მერს უპასუხა და თქვა, რომ ხელისუფლება ვალდებულია ესაუბროს მათ შორის იმ ოპოზიციასაც, რომელიც არ მოსწონს. 

"კახი კალაძეც უშვებს ძალიან ტრადიციულ, ფუნდამენტურ შეცდომას მსგავსად ივანიშვილისა და ქართული ოცნებისა, როდესაც მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას განსაზღვრავს ხელისუფლება. ოპოზიციას განსაზღვრავს ხალხი და მოსწონს თუ არა, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის. ხელისუფლების ვალდებულებაა ესაუბროს ოპოზიციას. მათ შორის მათ, რომელიც არ მოსწონთ. იმიტომ, რომ ეს გადაწყვიტა ხალხმა. თუ ამას ვერ გაიგებს თბილისის მერი, მას ძალიან გაუჭირდება დემოკრატიულ ჩარჩოში რეალურად წარმოადგენდეს მთლიანად თბილისს და არა ქართულ ოცნება,"- ამბობს ელენე ხოშტარია. 

კომენტარები