Gem fest 2018

სიგუა: თუ მთავრობა მიწას იჯარით არ მოგვცემს, Gem Fest-ს აფხაზეთში ჩავატარებთ

Gem Fest-ის დამფუძნებელის გიორგი სიგუას თქმით, თუ მთავრობა მიწას იჯარით არ მისცემს, 2018 წლის ფესტივალს აფხაზეთში ჩაატარებს. ამის შესახებ სიგუა Facebook-ში წერს. მისი განცხადებით, GEM FEST-ი 9-12 აგვისტოს, ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში "აუცილებლად ჩატარდება". სიგუა აღნიშნავს, რომ ბილეთები უკვე იყიდება, ხოლო Line Up რამდენიმე კვირაში ნაწილ-ნაწილ გამოცხადდება.

"ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავრობამ დახმარება მაშინ დაიწყო, როდესაც ნახა, რომ კარგი თემა იყო. შარშან, 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგიერთები) . მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა, ეგეც ვისწავლე. მიწა რომ არ მოგვცენ იჯარით, აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ" - წერს სიგუა.

Gem Fest-ის დამფუძნებელის თქმითვე, ვალებს მაშინ გაისტუმრებს, "როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით". 

ცნობისთვის, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Gem Fest-ი ბიუჯეტმა 2017 წელს 1.98 მილიონი ლარით დააფინანსა, თუმცა, ერთთვიანი ფესტივალი წამგებიანი აღმოჩნდა. ამის გამო, GEM FEST-ის ადმინისტრაციას თანამშრომლებისა და კონტრაქტორების წინაშე ასობით ათასი ლარის მოცულობის დავალიანება დაუგროვდა. დარღვევების სავარაუდო საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოტყუებით ქონებრივ დაზიანებას გულისხმობს.

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ "ჩემი პოზიცია იქნება, Gem Fest-ი არ დავაფინანსოთ".

გიორგი სიგუა 2014 წლამდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2014-ში მისი გადადგომა "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში წარმოშობილ უთანხმოებას უკავშირდებოდა.

კომენტარები