უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა. ამის შესახებ რია ნოვოსტის სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ უთხრა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან 12 თებერვალს, პოლონეთში გააძევა. სააკაშვილი ახლა ნიდერლანდებში იმყოფება, მან ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება უკვე მიიღო. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის უკრაინის მოქალაქეობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მაშინ ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან, 24 სექტემბერს შევიდა. კიევის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სარჩელი არ დააკმაყოფილეს, რომელიც მას საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ ჰქონდა შეტანილი.





