ვიზალიბერალიზაცია

2018 წლის იანვარში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა

DW

გერმანული Die Welt აქვეყნებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციას, რომ 2018 წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა.

თეევბის მიხედვით თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ასე გამოიყურება:

  • სექტემბერი - 238
  • ოქტომბერი - 355
  • ნოემბერი - 444
  • დეკემბერი - 522
  • იანვარი - 745

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მეზიერმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო რეჟიმით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევები კიდევ გაიზრდება გერმანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განხილვას დაიწყებს. 

"თუ პირობების დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ. ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება, ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურად არის ჩართული. ჩვენც ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთეთ", - ამბობს მეზიერი.

საქართველომ ანალოგიური შენიშვნა ევროკომისიისგანაც მიიღო. ანგარიშში ევროკომისია განსაკუთრებული სიმწვავით ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობაზე მიუთითებს. ამავდროულად, ხაზგასმულია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაც. 2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა - 1570-მდე გაიზარდა. 

ევროკომისია საქართველოს აძლევს რეკომენდაციას დასრულდეს პოლიციის რეფორმა და შეიქმნას დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა, ასევე დაასრულოს მუშაობა სამიგრაციო რისკების შეფასების სიტემაზე.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტ-დეკემბერში ის საქართველოს 170 000-მა მოქალაქემ გამოიყენა.

ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.

კომენტარები