კრიმინალური დაჯგუფება

შსს: პარიზში საქართველოს 8 მოქალაქე, კრიმინალური დაჯგუფების წევრები დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, ფრანგ კოლეგებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 8 წევრი პარიზში დააკავეს. დაკავებულებს კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა და ნაქურდალი ნივთების შენახვა ედებათ ბრალად.

"ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ გასული წლის მარტიდან დღემდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ქართველმა წევრებმა საფრანგეთში ქურდობა მრავალჯერ ჩაიდინეს. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები, ოქროს ნივთები, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ქართული და ფრანგული საბანკო ბარათები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან". აღნიშნული დაჯგუფების მიერ მოპარული ნივთების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილით ე.წ. "ქურდული საერთო" ივსებოდა. გამოძიება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის დირექტორის მოადგილემ.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ინტენსიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებასთან.

"კრიმინალთან ბრძოლა აქტიურ ფაზაშია. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით იგეგმება საქართველოს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერება", - განაცხადა დავით ლაცაბიძემ.

კომენტარები