ზვიად ბიაშვილი

გურჯაანის მერი: ვადასტურებ, რომ თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლა ვთხოვე

გურჯაანის მერიის თანამშრომელი მერს ზეწოლაში ადანაშაულებს. ზვიად ბიაშვილი ამბობს, რომ 2017 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც არჩილ ხანდამაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები დაიბარა და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მოითხოვა.

ბიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია. მისი ფუნქციაა მედიასთან ურთიერთობა, მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ვებ-გვერდისა და ფეისბუქის საშუალებით.

"გვითხრა, რომ დაგვეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, რადგან თავის გუნდთან ერთად სურდა მუშაობა. მე ვარ კონკურსგავლილი საჯარო მოხელე, ვარ უვადოდ დანიშნული და შესაბამისად, უარი ვუთხარი. მოგვიანებით, კიდევ ორჯერ მითხრა განცხადების დაწერის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მივმართავო. ამის შემდეგ, დაიწყო დისციპლინური წარმოებები ჩემ მიმართ", - ამბობს ზვიად ბიაშვილი.

მისივე განცხადებით, პირველი დისციპლინური წარმოება 10 იანვარს, იმ საქმის შეუსრულებლობის გამო დაიწყო, რაც მისთვის არავის დაუვალებია. მოგვიანებით კი, უსაფუძვლობის გამო შეწყდა. ზვიად ბიაშვილის თქმით, მეორე პრეტენზია ეხებოდა იმ აქციაში მონაწილეობის გაშუქებას, რომელშიც რეალურად, მონაწილეობა მერს არ მიუღია.

"გურჯაანში სისხლის ბანკის აქცია იყო სისხლის გაღებასთან დაკავშირებით. თვითონ მერს ამის შესახებ არც უცნობებია, საკრებულოდან გვაცნობეს. ჩვენ დავაანონსეთ და გადავწყვიტეთ გადაღება. მოვიდნენ თანამდებობის პირები, რომლებმაც გაიღეს სისხლი და გადავიღე. მათ შორის იყო მერის მოადგილეც. მოვიდა ბატონი მერიც, თუმცა მან სისხლის ჩაბარება ვერ შეძლო. ახლა მსაყვედურობს, რომ რატომ არ დავწერე აქციაში მისი მონაწილეობის შესახებ. არ მიუღია აქციაში მონაწილეობა და ტყუილად ვერ დავწერდი, რომ სისხლი გაიღო", - ამბობს ზვიად ბიაშვილი ტაბულასთან.

მისივე თქმით, მომდევნო დისციპლინური წარმოება იმის გამო დაიწყო, რომ მაშინ, როცა აუდიტის სამსახურმა სამუშაო ოთახი შეამოწმა, ის იქ არ იყო.

"აუდიტის სამსახურმა შემოიხედა ოთახში და არ იყავიო. არც ტელეფონზე დამკავშირებიან, არც უკითხავთ სად ვიყავი და როგორ ვიყავი, პირდაპირ დაწერეს, რომ სამსახურში არ ვარ. მეორე სართულზე ვიყავი, საკრებულოში და მქონდა სამუშაო შეხვედრა. იქ მყოფი ადამიანები ამას დაადასტურებენ. მდევნის ეს ადამიანი. რადგან განცხადება არ დავწერე, აკეთებს ყველაფერს, რომ ჩემზე გათავისუფლების ბრძანების დაწერის საფუძველი ჰქონდეს", - ამბობს ზვიად ბიაშვილი და ხაზს უსვამს, რომ მერიაში მუშაობის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საყვედური არასდროს მიუღია.

გურჯაანის მერიის თანამშრომელი აპირებს ამ საკითხზე იურისტებს და საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდეს. ამისთვის სამსახურისგან შვებულებას ითხოვს, თუმცა განცხადებას არ უკმაყოფილებენ.

"ფაქტობრივად, შიდა სამსახურებრივ პატიმრობაში ვყავარ აყვანილი. სავარაუდოდ, გაიგო რასაც ვაპირებდი და მაგიტომაც არ მიშვებს. არადა, 21 დღე მაქვს დარჩენილი შვებულებიდან", - ამბობს ბიაშვილი ტაბულასთან.

გარდა ამისა, გურჯაანის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ მერი, არჩილ ხანდამაშვილი მის სამსახურს უგულებელყოფს და ოფიციალური ღონისძიების გასაშუქებლად და ოფიციალური ფეისბუქ გვერდის სამართავად მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს პიარის სამსახურს იყენებს. 

"ფაქტობრივად არაოფიციალური პრესსამსახური ჰყავს შექმნილი", - ამბობს ზვიად ბიაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის ჩაბარების აქციაზე, რომლის არასრულყოფილად გაშუქების გამოც მერი ედავება, ფოტოები არ გადაუღია არც მაჟორიტარის პიარის სამსახურს, რომელიც მერთან ერთად მივიდა. გარდა ამისა, შესაბამისი ინფორმაცია არ განთავსებულა არც არჩილ ხანდამაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ტაბულა დაუკავშირდა გურჯაანის მერსაც. არჩილ ხანდამაშვილი რამდენიმე თანამშრომელისთვის სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერის თხოვნას ადასტურებს.

"მე ვადასტურებ იმას, რომ თხოვნა ჩემი მხრიდან ერთხელ იყო. არჩევნების შემდეგ მქონდა დრო გავცნობოდი სტრუქტურას და მენახა აქამდე რა გაუკეთებიათ იმ ადამიანებს. მე ვთვლიდი, რომ ეს თანამშრომლები ვერ შეასრულებდნენ იმ სამუშაოს, რასაც მე მომავალში ვგეგმავ. კანონი არ დამირღვევია. ვისგანაც უარი მივიღე, ხელმეორედ არ მითხოვია განცხადების დაწერა", - ამბობს გურჯაანის მერი.

რაც შეეხება დისციპლინურ წარმოებებს, ხანდამაშვილი აღნიშნავს, რომ საქმე მხოლოდ ზვიად ბიაშვილს არ ეხება და ადამიანებმა, რომლებიც სამსახურში დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ, გაფრთხილება უნდა მიიღონ.

"გუშინ, 16:00 საათზე რამდენიმე თანამშრომელი არ იყო სამსახურში და არ არსულებდა მოვალეობას გაუგებარი მიზეზების გამო. [თუ ზვიად ბიაშვილი შეხვედრაზე იყო გასული], ამის შესახებ უნდა სცოდნოდა სამსახურის უფროსს, ვინმე უნდა ყოფილიყო საქმის კურსში, რომ თანამშრომელი არ არის ამა და ამ მიზეზის გამო. თუ ეს ობიექტური მიზეზი დადასტურდა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც არ დადგება. აქ მხოლოდ ზვიადზე არ არის საუბარი, საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებიც სამუშაო საათებში უნდა ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას", - ამბობს მერი.

რაც შეეხება შვებულებაზე უარის თქმას, არჩილ ხანდამაშვილი აცხადებს, რომ სამსახურის სხვა თანამშრომელი არის შვებულებაში და უნდა დარწმუნებული, ზვიად ბიაშვილის გასვლის შემთხვევაში შეძლებდა თუ არა პრესსამსახური სრულფასოვან ფუნქციონირებას. მერის თქმით, შეხვედრების გამო ვერ მოასწრო ამის დადგენა და ამიტომ "ამ ჯერზე" უარი უთხრა.

ხანდამაშვილი უარყოფს მაჟორიტარის ბიუროს პიარის სამსახურის გამოყენებასაც. მისი თქმით, ოფიციალური ფეისბუქის გვერდს "ქართული ოცნების" ცენტრალური პრესსამსახური მართავს.

"ერთი ფაქტი მაინც მითხრას, რომ ჩემი სურვილი იყო მერიის პრესსამსახურს კი არა, მაჟორიტარის პრესსამსახურს გაეშუქებინოს. ასეთი ფაქტი არ მახსოვს", - ამბობს გურჯაანის მერი.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც, რომელმაც შესაძლოა, ზვიად ბიაშვილს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს რა უფლებამოსილების ფარგლებში ხდებოდა არჩილ ხანდამაშვილის მიერ უწყების თანამშრომლების საქმინობის შესწავლა, ასევე შესწავლის კრიტერიუმები. კანონით განსაზღვრულია, რომ შეფასების პროცესი გამჭვირვალედ, დადგენილი წესის შესაბამისად უნდა მოხდეს.

გარდა ამისა, საია აღნიშნავს, რომ ზვიად ბიაშვილი არის უვადოდ დანიშნული საჯარო მოხელე, შესაბამისად, მასზე ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი წესი  მოხელის შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წლის ბოლოს უნდა მოხდეს.

კომენტარები