აფგან მუხთარლი

ლეილა მუსტაფაევა: აფგან მუხთარლი ციხეში ინტერვიუების გამო მოულოდნელად შეაბრუნეს

ლეილა მუსტაფაევა

ლეილა მუსტაფაევას თქმით, აფგან მუხთარლი ციხეში მოულოდნელად დააბრუნეს, მიზეზი ქართული და აზერბაიჯანული მედიისთვის მიცემული ინტერვიუა. მუხთარლი ბაქოს ციხიდან 2 დღით გუშინ გაათავისუფლეს, რათა თავისი დის, დისშვილების და ძმისშვილის ორმოცს დასწრებოდა. 

აფგან მუხთარლიმ რუსთავი 2-თან თქვა, რომ ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და მათ ამის უფლება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

"მე ვწერდი ალიევისა და მისი ოჯახის ბიზნეს ინტერესებზე სხვადასხვა სფეროში, მას აქვს სასტუმრო თბილისსა და ბათუმში, მიწა გურჯაანში. ფლობს ასევე ორ ბანკს, "პაშა ბანკსა" და აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს, ასევე, სხვა ბიზნესებს. ყველაფრის გამოძიება ვერ მოვასწარი, რადგან მომიტაცეს. ვფიქრობ, რომ ახლა მისი ბიზნეს პარტნიორი არის ბიძინა ივანიშვილი. მე ვფიქრობ, ის დაელაპარაკა კვირიკაშვილს ჩემს მოტაცებაზე, რადგან ახლა ივანიშვილი მხოლოდ ფულზე ფიქრობს. ალბათ იცოდა, რომ გამიტაცებდნენ. ბიძინა ივანიშვილის თქვენს მთავრობაში არის რუხი კარდინალი, მისი თანხმობის გარეშე ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი ამას ვერ გააკეთებდა. მე ვუჩივლებ საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს, მაგრამ იძულებული ვარ, ეს გავაკეთო", - აცხადებს მუხთარლი რუსთავი 2-თან. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

გარდა ამისა, ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდაპირველად მისი ექსტრადირება კანონიერი გზებით სურდათ, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობდა და შემდეგ გატაცება მოიფიქრეს.

"გიორგი კვირიკაშვილმა მისცა უფლება, რომ მე გავეტაცებინე. მას რომ ამის ნებართვა არ გაეცა, არ მომიტაცებდნენ. ეს იყო ალიევსა და კვირიკაშვილს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგი. ვფიქრობ, რომ თავდაპირველად აზერბაიჯანულ მხარეს სურდა, საქართველოს ხელისუფლებას ჩემი თავი მათთვის კანონიერად გადაეცა, თუმცა ეს ქართულ მხარეს არ გამოუვიდა, რადგან ჩემი დაპატიმრებისა და დეპორტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამის შემდეგ, ჩემი გატაცება მოიფიქრეს. მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი აღარ მოუთმენს პრემიერ კვირიკაშვილს, ქართველმა ხალხმა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ბევრი რამ გააკეთა დემოკრატიისთვის და ასე მარტივად არ დათმობს მას. ვფიქრობ, ამ მთავრობის მმართველობის ბოლო ვადაა", - ამბობს ჟურნალისტი. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

აფგან მუხთარლი რუსთავი 2-თან იხსენებს გატაცებასაც. ამბობს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ სახლიდან გაიტაცა, მანქანაში კი სცემეს.

"გატაცება მოხდა ჩემს სახლთან, ნიაღვრის ქუჩაზე, ოთხი კაცი იყო. კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ. ყველამ იცის საქართველოში, რა უნიფორმას ატარებენ ისინი. თავიდან წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ მერე დავინახე მათი ფორმები და ჩემით ჩავუჯექი მანქანაში. მათ ავტომობილში ცემა დამიწყეს და თავზე ტომარა ჩამომაცვეს. ქუჩაში ჩვენ გარდა არავინ იყო. დიახ, ისინი მითვალთვალებდნენ, მე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები რამდენჯერმე ვნახე. საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში სხვა მანქანაში გადამსვეს, სადაც უკვე აზერბაიჯანელები ისხდნენ, მათ შორის აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის უფროსის თანაშემწე, ვიცე პოლკოვნიკი, ასკეროვი", - ამბობს აფგან მუხთარლი. [რუსთავი 2-ის თარგმანი]. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

მანამდე კი, 31 დეკემბერს, ჟურნალისტის და, დისშვილი და ძმისშვილი ზაქათალაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი მხუთავი აირით მოწამვლა გახდა.

აფგან მუხთარლი გუშინ, 8 თებერვალს, ციხიდან 2 დღით, დაღუპული დის, დისშვილების და ძმისშვილის ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს.

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა.

კომენტარები