სასამართლომ კლინიკა ლანცეტის დირექტორს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ფარმან ჯეირანლი დამნაშავედ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და დაუფლების მცდელობის ფაქტზე იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის I ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
2016 წლის მარტში კლინიკა ლანცეტში 2 პაციენტი გარდაიცვალა. პროკურატურა ფარმან ჯეირანლის თანხების მითვისებას სწორედ მათგან ედავებოდა.
წაიკითხეთ პროკურატურის განცხადება:
"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კლინიკა ლანცეტის დირექტორმა, რომელსაც ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა ჰქონდა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანიდან ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ მოიწვია, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოში საექიმო საქმიანობისთვის საჭირო სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ შესაბამის სპეციალობაში.
"მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, შპს ლანცეტის დირექტორმა მასმედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით, პაციენტების მოზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები და მოამზადა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს ლანცეტში თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები, რაშიც ასევე დაარწმუნეს გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით 2016 წლის 12 თებერვალს შპს ლანცეტში მისული საქართველოს მოქალაქეები გ.ჩ. და კ.კ.
ოპერაციის ჩატარებამდე, შპს ლანცეტის დირექტორი ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას, ასევე წარედგინა ისინი ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მან არ შეასრულა. კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს კლინიკა ლანცეტის დირექტორმა ფ.ჯ.-მ და ბრალდებულმა მ.კ.-მ მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა და აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია, რის სანაცვლოდაც პაციენტებისგან მოითხოვეს ოპერაციისთვის საჭირო თანხის დაუყოვნებლივ გადახდა.
2016 წლის 28 თებერვალს პაციენტმა კ.კ.-მ შპს ლანცეტის ანგარიშზე ჩარიცხა 99204 ლარი, რომლის ნაწილი, 35 ათასი ლარი ფარმან ჯეირანლი ბრალდებულ მ.კ-ს გადასცა, ხოლო მეორე პაციენტთან 2016 წლის 7 მარტს, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, კლინიკა ლანცეტის იურისტმა გააფორმა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.
ტრანსპლანტაციის საბჭოს მხრიდან ოპერაციის ჩატარებაზე შპს ლანცეტისთვის უარის თქმის მიუხედავად, ფარმან ჯეირანლის, დავალებით 2016 წლის 3 მარტს და 8 მარტს ზემოხსენებულ პაციენტებს ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს".





