ციანდის საქმე

გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოს დასკვნითი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

რადიო ფორტუნა

ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სააპელაციო სასამართლოს დასკვნითი სხდომა დატოვა. მამალაძის განცხადებით, მას არ სურს პროკურორების რეპლიკების მოსმენა და დაბრუნდება მისი სიტყვის წარმოთქმის დროს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ სააპელაციო სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

"დასკვნით სიტყვაზე გვიპასუხებს პროკურატურა. ამის შემდეგ იქნება დეკანოზის საბოლოო სიტყვა, ამით განხილვის პროცესი პრაქტიკულად დამთავრდება. იმედს ვიტოვებთ, რომ დღეს გამოაცხადებს განაჩენს თუ მომდევნო პროცესზე, მოსამართლე არ დაემორჩილება იმ კონიუქტურას, რომელსაც დაემორჩილა პირველი ინსტანციის სასამართლო. იმედს ვიტოვებ, რომ იქნება გამამართლებელი განაჩენი. ეს პირველ რიგში სასამართლო ინსტიტუტის ინტერესში უნდა შედიოდეს,“ - განაცხადა მსჯავრდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

ბრალდების მხარე კი, წინა პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოთქმულ დასკვნით სიტყვას "დაუსაბუთებულს და არაარგუმენტირებულს" უწოდებს.

"სასამართლო პროცესზე ჩვენ ვისარგებლებთ რეპლიკის უფლებით. წინა პროცესზე დაცვის მხარე წარსდგა თავის დასკვნითი სიტყვით. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს იყო დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული დასკვნითი სიტყვა. უფრო მეტიც, იქ იყო არაერთი ტყუილი და სიცრუე გაჟღერებული, მტკიცებულებები დამახინჯებული სახით იყო წარმოდგენილი. სწორედ  ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას ჩვენს დასკვნით სიტყვაში და მოვითხოვთ გიორგი მამალაძის დამნაშავედ ცნობას,“- განაცხადა საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად მამალაძის თქმით, მას პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვევთა შეუფარდა. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. 

კომენტარები