საბაგირო გზები

კვირიკაშვილი: მაღალმთიან რეგიონებში მცირე ზომის საბაგირო გზები მონტაჟდება

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მაღალმთიან რეგიონებში მცირე ზომის საბაგირო გზები მონტაჟდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კვირიკაშვილის თქმით, სვანეთში უკვე დამონტაჟებული საბაგიეროები დიდი პოპულარობისთ სარგებლობს. 

„დავიწყეთ სოფლებში „მინი“ საბაგირო გზების დამონტაჟება. ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ აღმოაჩინა „მინი“ საბაგიროების მწარმოებელი გერმანული კომპანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით, 25 000 ევროს ფარგლებშია თითო ასეთი საბაგიროს ფასი და არის 200-300 მეტრის სიგრძის. ჩვენ სვანეთში დავიწყეთ საპილოტე პროექტი - უშგულში, უშხვანარში, მაზერში და ეცერში - ზემო სვანეთში და დაბა ლენტეხში, ქვემო სვანეთში უკვე დავამონტაჟეთ საბაგირო გზები და ვერ წარმოიდგენთ, თუ რამხელა პოპულარობით სარგებლობს.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი წამოწყება გაგრძელდება ქვეყნის სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც მეტეოროლოგიური მონაცემები და რელიეფი ამის საშუალებას იძლევა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მცირე ზომის საბაგირო გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

„მთები არის ჩვენი სიმდიდრე და მთები არის, ასევე, ჩვენი შესაძლებლობა, იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა დავმუხტოთ და რეალიზება გავუკეთოთ ამ ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეს, რომელიც საქართველოს გააჩნია. ეს გამოიწვევს უზარმაზარ აქტივობას მთიან რეგიონებში. ზაფხულში, ასევე, ვაპირებთ სასეირნო და მთამსვლელებისთვის განკუთვნილი ბილიკების გაკეთებას. ასევე, ამ ბილიკების გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან." - ამბობს პრემიერმინისტრი.

კომენტარები